ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როჰაკი: საქართველოს ბოლო არჩევნებში ევროკავშირი შესამჩნევად პასიურია


ფოტოს წყარო: cedarville.edu
ფოტოს წყარო: cedarville.edu

ევროკავშირი უკანასკნელ პერიოდში გამოწვევების წინაშეა. გაერთიანება ვაშინგტონთან დაძაბულობას, ბრიტანეთის მიერ მის დატოვებასთან ერთად, და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიულ უკუსვლაზე არსებულ შეშფოთებებს უმკლავდება. როგორი უნდა იყოს ევროკავშირის მიდგომა ამ ქვეყნებში დემოკრატიის გამოწვეწვების გადალახვასთან და რა უნდა გააკეთოს ბრიუსელმა მის სამეზობლოში? ამ თემებზე ანი ჩხიკვაძე, "ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის" მკლევარს, დელიბორ როჰაკს ესაუბრა.

დავიწყებ თქვენი სტატიით "ვაშინგტონ პოსტში", რომელშიც ამბობთ, რომ ევროკავშირმა მეტი უნდა გააკეთოს დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. რატომ ხართ ამ კუთხით ბრიუსელისადმი კრიტიკულად განწყობილი?

სტატიაში ვცდილობდით ევროკავშირზე გვესაუბრა ტრამპის პრეზიდენტობის და ბოლო დეკადის განმავლობაში. ბევრი ამბობდა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, რომ ანგელა მერკელი იყო თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ან ერთ-ერთი ლიდერი. თუმცა, ევროპელებმა რეალურად, დემოკრატიის ხელშეწყობის, კანონის უზენაესობის კუთხით, ძალიან ცოტა გააკეთეს. ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის სამეზობლოში დიქტატორებთან შეგუების ფაქტები, ევროკავშირის ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი და პოლონეთი, დემოკრატიის კუთხით უკუსვლას ვხედავთ, და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არ ყოფილა დემოკრატიის ხელშეწყობა...

დემოკრატიის ხელშეწყობა არა იდეალისტური ფუფუნება, არამედ ევროკავშირის გეოპოლიტიკური ინტერესების ცენტრალური ნაწილია. აქამდე ევროკავშირს ძალიან მოკლევადიანი ხედვა ჰქონდა. მართალია, ის გამოიყურება როგორც პრაგმატული და რეალისტური, იქნება ეს რუსეთთან და ჩინეთთან მუშაობა თუ სხვა რამ, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში, ამის გამო ევროპას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

სტატიაში საქართველოზეც საუბრობთ და ამბობთ, რომ ერთ-ერთი მაგალითი ევროკავშირის პასიურობისა დემოკრატიის ხელშეწყობის კუთხით, საქართველოა. რას გულისხმობთ ამაში?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მათი ლიდერი, დემოკრატიული არჩევნების გზით. ბრიუსელის თუ სხვა მოთამაშეების საქმე არაა ქართველებს უთხრან, ვის უნდა მისცენ ხმა და ვინ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, თუმცა ბრიუსელის ინტერესში და მეტიც - ტრანასტლანტიკური თანამეგობრობის ინტერესშია, რომ საქართველო სტაბილური დემოკრატია იყოს.

წარსულში, 2012 წელს, ევროკავშირის ჩართულობამ, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ თბილისში, ხელი შეუწყო ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას. სხვა ბევრი მაგალითი ვიხილეთ მოლდოვაში თუ უკრაინაში, სადაც ევროკავშირმა კრიტიკული როლი ითამაშა არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლაში. თუმცა, საქართველოს უკანასკნელ არჩევნებში, ევროკავშირი შესამჩევად პასიურია. და უკუსვლას (საქართველოში) რომელზეც ბევრი საუბრობს, "ქართული ოცნების" მცდელობას, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, ევროკავშირის ინსტიტუტები წინააღმდეგობას არ უწევენ.

გარკვეულწილად, ამ პროცესში ევროკავშირი, ბრიუსელი და შეერთებული შტატები ჩართულნი არიან. თუმცა, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, გარკვეულწილად ერთი და იგივე პრობლემის განმეორებას ვხედავთ. ეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც იკვეთება. როგორ ფიქრობთ, რამდენად განაპირობებს სწორედ ცენტრალური ევროპის უკუსვლის გამო იმედგაცრუება, ნაკლებ ჩართულობას აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში?

ცენტრალური ევროპის პრობლემა, პოლონეთის და უნგრეთის შემთხვევა და სიტუაცია, რომელსაც ევროკავშირის გარეთ ბელარუსში, უკრაინაში თუ საქართველოში ვხედავთ, ერთი მხრივ ერთმანეთს უკავშირდება, მაგრამ მეორე მხრივ, განსხვავებაც ბევრია.

უნგრეთის სიტუაცია იმის შედეგია, რომ ეს ქვეყანა, რაც ის ევროკავშირში შევიდა, ვალდებულებები აღარ აქვს, რომელიც შესვლამდე წევრობის მოთხოვნა იყო. ისეთ კლუბში მოხვედრა, როგორიც ევროკავშირია, ძალიან რთულია... ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახო, რომ კრიტერიუმები შეასრულო. თუმცა, როცა კლუბში წევრიანდები, ბრიუსელისთვის რთულია, რომ პირობების შესრულება მოგთხოვოს. ეს ნაწილია იმ პრობლემის, რასაც ცენტრალურ ევროპაში ვხედავთ.

ევროკავშირის გარეთ, ვითარება განსხვავებულია. აქ ევროკავშირის პროდემოკრატიული მიდგომისთვის, კანონის უზენაესობის მოთხოვნისთვის უფრო მეტი ბერკეტი აქვს. Მაგალითად, მას შეეძლო ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სწრაფად დაეწესებინა სანქციები, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა გასულ აგვისტოში არჩევნები მოიპარა. თუმცა, სანქციებს ორი თვე დასჭირდა. კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა უფრო მალე იმოქმედა ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების კუთხით. ევროკავშირის მხარეს, გარკვეულწილად ინტერესის დაკარგვას ვხედავთ და განწყობას, რომ ეს პრიორიტეტი არაა, და ეს ვფიქრობ შეცდომაა.

საქართველოში ახლა ერთპარტიული პარტლამენტი ჩამოყალიბდა. ზოგიერთი კვლევითი ორგანიზაცია საუბრობს ასევე სახელმწიფოს მიტაცებაზე მმართვეელი პარტიის ლიდერის მიერ. პარალელურად, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ იღებს და ბოიკოტს აცხადებს, დასავლეთის - ვაშინგტონისა და ბრიუსელისგან - ზეწოლის მიუხედავად. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ოპოზიცია ქუჩაში და ერპარტიული პარლამენტი საქართველოს პროდასავლური მისწრაფებებისთვის? წარმოადგენს ეს პრობლემას?

პრობლემის ერთი ასპექტი, რაც საინტერესოა, არის სწორედ ის, რომ ცენტრალურ ევროპაში მიმდინარე მოვლენები, ართულებს ბრიუსელისთვის ამ საკითხებზე დამაჯერებლად საუბარს, როცა მსგავსად ხდება ხელისუფლებასთან მოჭიდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი და პოლონეთი. გასულ კვირას ვიხილეთ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტზე კომპრომისი იქნა მიღწეული და ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავრობამ, მიიღო გარანტია გერმანიისგან და ბრიუსელისგან, რომ ევროკავშირის მიერ ფინანსური დახმარება ყველანაირი ვალდებულებების გარეშე იქნება გაცემული, მიუხედავად იმისა, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კანონის უზენაესობის, თუ დემოკრატიის ეროზიის კუთხით.

და არ წავალთ შორს, თუ ვიტყვით, რომ სხვა ქვეყნებიც ამ მაგალითზე სწავლობენ. ეს კი ხალხისთვის ბრიუსელში ძალიან ართულებს იმას, რომ ადგნენ და თქვან, რომ პრობლემები გადაჭერით, როცა თავად ევროკავშირის შიგნით, მსგავსი პრობლემებია.

თქვენ პარალელი გაავლეთ უნგრეთს, პოლონეთსა და საქართველოს შორის, რა საერთო შტრიხები იკვეთება, რაში მდგომარეობს ამ პარალელების არსი?

თვალნათელი პარალელი 1990-იანი წლებია, როცა პოლონელებს, უნგრელებს და სხვებს ცენტრალურ ევროპაში, ქონდათ ძლიერი სურვილი ევროპაში დაბრუნების, დასავლური სტილის დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრის აშენების. ეს ძალიან ძლიერი ძალა იყო, რომელმაც ის გარდაქმნები მოიტანა, რომლებიც ცენტრალურ ევროპაში ვიხილეთ. სწორედ ამიტომ გარდაქმნების პროცესი აქ უფრო წარმატებული იყო, ვიდრე კომუნისტური სივრცის სხვა ნაწილებში.

საქართველოში, სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, მოგვიანებით, ასევე ვიხილეთ გააზრება იმისა, რომ ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი.

თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, როცა ხედავ უნგრეთის და პოლონეთის უკუსვლას, უფრო ნეგატიური პარალელების გავლებაა შესაძლებელი. მე ვიტყოდი, რომ მათი უკუსვლა გარკვეულწილად 1990-იანი წლების დაუსრულებელ საქმეს უკავშირდება. ამ ქვეყნების გარდაქმნები ფართოდ იყო აღქმული წარმატებულად, მაგრამ კომუნისტურ რეჟიმთან სრული გაყრა არ მომხდარა. და სწორედ ამის აჩრდილს ვხედავთ ახლა, სხვადასხვა ფორმებში.

სიტუაცია ამ მხრივ მსგავსია საქართველოშიც. (საბჭოთა კავშირის შემდგომი) ტრანსფორმაცია იქ ერთი ათწლეულით გვიან დაიწყო, ძალიან ცოტა რეფორმა ვიხილეთ 90-იანებში, და მაშინდელი ბევრი პრობლემა დღეს ჰყოფს თავს. ავტოკრატობის მსწაფველ ქართველებს კი ახლა უკვე შეუძლიათ უნგრელებისა და პოლონელებისგან ისწავლონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG