კოვიდ-19 ბოლო პერიოდის განმავლობაში კალიფორნიის შტატში განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება. ამის გამო გამკაცრებულია ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები.
ამერიკაში ამ დროისთვის უკვე მილიონამდე ადამიანია აცრილი. თუმცა ბოლო მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება ტენესის შტატში. გასულ კვირას, ყოველ 100 000 მოსახლეზე, შტატში საშუალოდ 128 ინფიცირებული იყო. "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" თანახმად, ეს ყველა შტატს შორის ყველაზე მაღალი მონაცემია. კალიფორნია ამ მონაცემით მეორეა და ყოველ 100 000 მოსახლეზე აქ 111 ინფიცირებულია.
ტენესის შტატის გუბერნატორმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ახლა მნიშვნელოვანი წვლილი ვირუსთან ბრძოლაში სწორედ ტენესის შტატის მცხოვრებთა ხელშია და მათ თავიანთი როლი უნდა შეასრულონ. გუბერნატორი მოუწოდებს მოსახლეობას, ატარონ ნიღბები და საშობაოდ საკუთარი ოჯახის წევრების გარდა, ნურავის ნუ შეხვდებიან და ნუ მოაწყობენ თავყრილობებს.
ჯანდაცვის ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ბოლოდროინდელი ზრდა ინფიცირების მაჩვენებლებში დიდწილად სწორედ იმის ბრალია, რომ მადლიერების დღეზე ბევრმა ამერიკელმა იმოგზაურა და დღესასწაული ახლობლებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად გაატარა.
ინფიცირებულთა რაოდენობა ამერიკის 31 შტატში იზრდება. დეკემბერში უკიდურესად მაღალია ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც. ამ კვირაში, სამშაბათს, 24 საათის განმავლობაში 194 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ოთხშაბათს უკვე მილიონ ადამიანს ჰქონდა კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა მიღებული. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტის შესაქმნელად, ორივე ამ დრომდე დამტკიცებული ვაქცინის 2 ინექციაა საჭირო.
ვაქცინაციის პროცესის პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის სპეციალისტებს, ასაკოვან ადამიანებს, მოხუცებულებზე ზრუნვის დაწესებულებებში მყოფებსა და მათ თანამშრომლებს და ზოგ შემთხვევაში, ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამშრომლებს ცრიან.
მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი პირები ვაქცინას პირდაპირ ეთერში, კამერების წინ იკეთებენ, რათა საზოგადოება ვაქცინის უსაფრთხოებაში დაარწმუნონ. თუმცა მოსახლეობის ფართო ჯგუფების აცრამდე, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა.
Facebook Forum