ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს


რუსეთმა ქვეყანაში შესვლა ევროკავშირის დამატებით ოფიციალურ პირებს აუკრძალა. კრემლი აცხადებს, რომ ეს ევროკავშირის მიერ მიღებულ „მიუღებელ“ გადაწყვეტილებაზე საპასუხო ნაბიჯია, რომლის თანახმადაც ეკონომიკურმა ბლოკმა ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო რუს ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ „გადაწყვიტა გაეფართოებინა ევროკავშირის იმ წარმომადგენელთა სია, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე უარს ეტყვიან,“ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ სანქცირებული პირები ანტი-რუსულ დამოკიდებულებას აქეზებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივებით გამოდიან.

სამინისტროს არ დაუსახელებია სანქცირებული ადამიანების ვინაობა, თუმცა გასაჯაროებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის და ევროკავშირის ელჩები სამინისტროში დაიბარეს.

ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. მან თვითმფრინავში გონი დაკარგა, რის შემდეგაც ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მკურნალობის მიზნით ჯერ ისევ კომაში მყოფი სპეციალური თვითმფრინავით გერმანიაში გადააფრინეს. გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი საბჭოური ქიმიური აგენტით „ნოვიჩოკი“ იყო მოწამლული.

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ოქტომბერში ექვს რუს მაღალჩინოსანს და სახელმწიფო კვლევით ცენტრს აქტივები გაუყინეს და სამგზავრო სანქციები დაუწესეს.

რუსი ოფიციალური პირები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ნავალნის მოწამლვაში მონაწილეობას უარყოფენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG