ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საშიშია თუ არა კორონავირუსის ახალი შტამები?


ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ამ ქვეყნებში აღმოაჩინეს, ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. ახალმა ამბავმა უკვე დიდი შეშფოთება გამოიწვია მსოფლიოში, თუმცა სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ უცნობია, რა საფრთხეს შეუქმნის ვირუსის ახალი შტამი მსოფლიოს და გამოიწვევს თუ არა ის უფრო მძიმე გართულებებს.

ზოგადად, ვირუსის თვისებაა, რომ ის გავრცელებასთან ერთად ვითარდება, ამიტომაცაა საჭირო ყოველწლიურად გრიპის აცრის გაკეთება.

კორონავირუსის ახალი ვერსია, ახალი შტამი, ვირუსის პირველი გავრცელებიდან, თითქმის ერთი წლის შემდეგ დაფიქსირდა.

შაბათს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახალი შტამის გამო ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდება. ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ და კანადამ კი ბრიტანეთთან ფრენები აკრძალეს, ან მაქსიმალურად შეზღუდეს.

რა ვიცით ბრიტანეთში აღმოჩენილ ახალ შტამთან დაკავშირებით?

ჯანდაცვის ექსპერტები ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ როგორც ჩანს, ახალი შტამის მქონე ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა იმის მტკიცებულება, რომ ის უფრო მომაკვდინებელია, ჯერ არ არსებობს.

პატრიკ ვალანსი, ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი ამბობს, რომ შტამი „სწრაფად ვრცელდება და დომინანტი ვარიანტი ხდება“. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დეკემბერში, ლონდონში ინფექციების 60%-ის გამომწვევი მიზეზი, სწორედ ახალი შტამის მქონე ვირუსი გახდა.

ახალი შტამი შემაშფოთებელია იმიტომაც, რომ ათობით სხვადასხვა სახის მუტაციას განიცდის. ზოგიერთი მათგანი კი სპაიკ ცილის ცვლილებას განიცდის, რომელსაც ვირუსი უჯრედებზე მიმაგრებისა და უჯრედის დაინფიცირებისთვის იყენებს.

როგორ ჩნდება ახალი შტამი?

ვირუსები, ხშირად განიცდიან მცირე ცვლილებებს და მათ გენეტიკურ კოდში ერთი, ან ორი ცვლილება ხდება ხოლმე. სიტუაცია საშიში ხდება მაშინ, როდესაც ვირუსი მუტაციას განიცდის მის ზედაპირზე არსებული ცილების შეცვლით. ეს საშუალებას აძლევს თავი აარიდოს წამლების ეფექტსა და ადამიანის იმუნურ სისტემას.

„საშიში მტკიცებულება“ არსებობს იმისა, რომ მსგავსი რამ მოხდება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებითაც, ამბობს ტრევორ ბედფორდი, ბიოლოგი და გენეტიკის ექსპერტი სიეტლიდან. ბედფორდმა თავის ტვიტერზე დაწერა: „ჩვენ ახლა ვხედავთ [კორონავირუსის] რამდენიმე ვარიანტის საგანგაშო გავრცელებას“.

არსეობს თუ არა სხვა შტამებიც?

აპრილში შვედეთის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ვირუსი ორი გენეტიკურიცვლილებით, რამაც იგი, დაახლოებით, ორჯერ უფრო ინფექციური გახადა. ასეთი მოდიფიცირებული ვირუსით დაავადების, დაახლოებით, 6000 შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიოში, ძირითადად დანიასა და ინგლისში.

ამ შტამის რამდენიმე ვარიანტი კი ახლა გამოჩნდა. ისინი იმ ადამიანების ნაწილს აღმოაჩნდა, რომლებიც დანიის სამეურნეო ფერმებში მუშაობდნენ. სამხრეთ აფრიკის ახალ შტამს კი,ზემოთნახსენებ ორი ცვლილებასთან ერთად, კიდევ რამდენიმე სახის ცვლილება აქვს.

რაც შეეხება ინგლისში აღმოჩენილ შტამს, მას ამ ორ ცვლილებასთან ერთად, კიდევ რამდენიმე სხვა მუტტაციის ნიშნებიც აქვს, მათ შორის, სპაიკ ცილის ცვლილებაც.

შტამი ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სექტემბერში აღმოაჩინეს და მას შემდეგ ის ამ ტერიტორიაზე ვრცელდება, უთხრეს ტელეკომპანია BBC-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

შეეყრებათ თუ არა ახალი შტამის კორონავირუსი მათ, ვისაც ძველი შტამი უკვე ჰქონდა და მოახდენს თუ არა ეს ამბავი ვაქცინაზე გავლენას?

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის წევრი, სკოტ გოტლიბი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, პასუხი ამ შეკითხვებზე უარყოფითია.

არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ, მთავარი ქირურგის თანამდებობაზე წარდგენილმა, ვივეკ მარტიმ თქვა, რომ „არ არსებობს რაიმე მიზეზი იმის საფიქრებლად, რომ ვაქცინები ეფექტური არ იქნება ვირუსის [ამ შტამის] წინააღმდეგაც“.

ჯანდაცვის რამდენიმე ექსპერტმა თქვა, რომ ვაქცინები არამხოლოდ ცილაზე რეაგირებს, არამედ, იმუნური სისტემის ფართო სპექტრზე. ეს კი იმედს აჩენს, რომ ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამზეც იმოქმედებს.

იმის ალბათობა, რომ ახალი შტამები მდგრადი იქნება არსებული ვაქცინების მიმართ, დაბალია, მაგრამ არა ”შეუძლებელი”, - თქვა ექიმმა მონსეფ სლაუიმ, ამერიკის მთავრობის მთავარმამრჩეველმა ვაქცინის გავრცელების მხრივ.

„არ მგონია, რომ დღემდე, არსებული [ვირუსის] რომელიმე ვარიანტი მდგრადია [ვაქცინის წინააღმდეგ]“, ამბობს ის. „ეს კონკრეტული შტამი, ბრიტანეთში, ვფიქრობ ვერ გადაურჩება ვაქცინის იმუნიტეტს“.

ამ აზრს ეთანხმება პროფესორი ბედფორდიც. „არ ვარ შეშფოთებული“, იმიტომ რომ უამრავი ცვლილება უნდა მოხდეს გენეტიკურ კოდში იმისთვის, რომ ვაქცინა ვერ მოერიოს მას. მხოლოდ ერთი, ან ორი მუტაციური ცვლილება ამისთვის საკმარისი არაა, ამბობს ბიოლოგი და გენეტიკის ექსპერტი.

თუმცა, ბედფორდი იმასაც ამბობს, რომ ვაქცინებს, შესაძლოა საკმაო დრო დასჭირდეთ იმისთვის, რომ ცვლილებებს ფეხი აუწყონ. თავად ცვლილებებს კი მუდმივი და კარგი დაკვირვება, შესწავლა სჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG