შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე მის რჩეულ კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ეს ოსტინს, თუ სენატი მას დაამტკიცებს, ამ თანამდებობაზე პირველ აფრო-ამერიკელად აქცევს.
ოსტინი 1953 წელს, სამხრეთ-აღმოსავლეთის შტატ ალაბამაში დაიბადა და მეზობელ ჯორჯიაში გაიზარდა. მან 1975 წელს ვესტ პოინტის სამხედრო აკადემია დაამთავრა და ორმოცწლიანი კარიერის განმავლობაში გენერლის წოდება მოიპოვა.
ოსტინმა სამხედრო კარიერა ჩრდილოეთ კაროლინის ფორტ ბრეგში ბაზირებულ ლეგენდარულ 82-ე საჰაერო დივიზიაში დაიწყო, სადაც საბრძოლო მხარდაჭერის ასეულს მეთაურობდა.
საბოლოოდ მან გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო და სანამ 2010-2011 წლებში, ერაყში ამერიკული ძალების მეთაური გახდებოდა და იქიდან ჯარების გამოყვანას უხელმძღვანელებდა, ფორტ ბრეგის მეთაურობა ჩაიბარა.
ოსტინი პირველი შავკანიანი ოფიცერი იყო, რომელიც 2012 წელს, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის მოადგილედ მსახურობდა და პირველი შავკანიანი იყო, ვინც ცენტრალურ სარდლობას ხელმძღვანელობდა. სარდლობა ფარავდა ოპერაციებს ერაყში, ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ აზიაში. ის ამ თანამდებობაზე 2013 წლიდან არმიიდან წასვლამდე, 2016 წლის მარტამდე მსახურობდა.
თუმცა მას შემდეგ რაც ოსტინმა შეიარაღებული ძალები დატოვა, ხუთ წელიწადზე ნაკლები დროა გასული. შეერთებული შტატების კანონი ითხოვს, რომ თავდაცვის მდივნები ამ თანამდებობას, სამხედრო სამსახურიდან წასვლიდან, სულ ცოტა შვიდი წლის გასვლის შემდეგ იკავებდნენ. კანონის მიზანი, სამხედრო ძალების სამოქალაქო მართვის უზრუნველყოფის შენარჩუნებაა.
თუმცა წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც კონგრესმა გადამდგარი გენერლებისთვის ამ თანამდებობის დასაკავებლად გამონაკლისი დაუშვა. პირველად ეს, 1950 წელს, გადამდგარ გენერალ ჯორჯ მარშალის შემთხვევაში მოხდა, ბოლოს კი 2017 წელს, გენერალ ჯიმ მატისის შემთხვევაში.
კონგრესის ზოგიერთმა წევრმა ასეთი გამონაკლისის დაშვების მიმართ თავშეკავება უკვე გამოხატა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მატისის შემთხვევიდან ცოტა დროა გასული.
ოსტინმა ინტელექტისა და ძლიერი სამეთაურო თვისებებისთვის, სამოქალაქო და სამხედრო წრეებში ქება დაიმსახურა. თუმცა, ის 2015 წელს კანონმდებლების კრიტიკის ქვეშ მოექცა, 500 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის გამო, რომლითაც სირიელი მებრძოლების მხოლოდ მცირე რიცხვის გაწვრთნა მოხდა.
Facebook Forum