არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის მთავარ ინფექციონისტს, ენტონი ფაუჩის სთხოვა, თეთრი სახლის კოვიდ-19-ის გუნდში მუშაობა გააგრძელოს და მისი მრჩეველი იყოს მას შემდეგ, რაც ის ოვალურ კაბინეტს დაიკავებს.
ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ საუბრისას, ბაიდენი აცხადებს, რომ მისი გუნდი უკვე ესაუბრა ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, ექიმ ენტონი ფაუჩის.
„ვთხოვე მას, შეენარჩუნოს პოზიცია, რომელზეც რამდენიმე პრეზიდენტის ადმინისტრაცისთან მუშაობდა. ასევე ვთხოვე, იყოს ჩემი მთავარი მრჩეველი სამედიცინო საკითხებში და თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის საგანგებო გუნდის წევრი“ - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ გაიკეთებს ვაქცინას, როცა ექიმი ფაუჩი იტყვის, რომ ის უსაფრთხოა. არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ სიამოვნებით გააკეთებს ამას საჯაროდ.
იმ ფონზე, როცა ცნობილია, რომ აშშ-ში ვაქცინის მიწოდება შესაძლოა მომდევნო კვირებში დაიწყოს, ქვეყანაში ჰოსპიტალიზებისა და სიკვდილობის მაჩვენებელი კვლავ ზრდის ტენდენციას აჩვენებს. სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, მხოლოდ ერთ დღეში, კოვიდ-19-ით ამერიკაში 2 811 ადამიანი გარდაიცვალა.
არჩეული პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ თანამდებობის დაკავებისთანავე, გამოსცემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ფედერალურ შენობებსა და შტატთაშორის ტრანსპორტში, ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება.
„ვგეგმავ, საზოგადოებას ვთხოვო, ნიღბები 100 დღის განმავლობაში ატარონ. არა სამუდოამოდ, 100 დღე“ - განაცხადა ბაიდენმა „სი-ენ-ენთან“ საუბრისას.
Facebook Forum