3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა $207.5 მილიონი დოლარის ოდენობის სახსრების მოზიდვა შეძლო, რათა დემოკრატი ოპონენენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება ეჭვქვეშ დაეყენებინა. ეს ინფორმაცია ხუთშაბათს თავად პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა გაასაჯაროვეს.
საბოლოო ჯამში, ტრამპის საარჩევნო კამპანია აცხადებს, რომ მათ 15 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე, 495 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლეს. იმავე პერიოდში, ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კამპანიამ მხოლოდ $112 მილიონი შეაგროვა.
არჩევნების შემდეგ, ტრამპის საარჩევნო კამპანიამ სახსრების მოზიდვა "არჩევნების დაცვის ოფიციალური ფონდისთვის" დაიწყო. შემოწირულობათა მოთხოვნის ელექტრონულ წერილებში, მიზეზად სახელდებოდა არჩევნების "შედეგების დაცვა და არჩევნების შემდეგაც კი ბრძოლის გაგრძელება". ტრამპის საარჩევნო კამპანია აცხადებს, რომ თანხები სხვადასხვა პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება, მათ შორის, კამპანიის დავალიანებათა გასასტუმრებლად.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამარცხების აღიარებაზე ჯერ კიდევ უარს ამბობს. ის ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იმეორებს, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა.
ტრამპის კამპანიამ არჩევნების გაყალბების თაობაზე სხვადასხვა შტატის სასამართლოებში ჯამში ათეულობით საჩივარი შეიტანა. საჩივრების უმეტეს ნაწილს, არც რესპუბლიკური მმართველობის ქვეშ მყოფ და არც დემოკრატიულ შტატებში, არასაკმარის მტკიცებულებათა გამო, მსვლელობაც კი არ მიეცა. პრეზიდენტის ადვოკატთა ჯგუფს ერთი პროცესიც კი არ მოუგია. თუმცა, მოგების შემთხვევაშიც კი, საქმე ხმების იმდენად მცირე რაოდენობას ეხება, რომ ბევრი სპეციალისტის აზრით, არჩევნების შედეგებს ეს არ შეცვლის.
Facebook Forum