ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია ჩინეთის მთავრობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს


ავსტრალია ჩინეთის ხელისუფლებისგან ოფიციალური და საჯარო ბიდიშის მოხდას ითხოვს. დიპლომატიური სკანდალის მიზეზი ის ფოტო გახდა, რომელიც ჩინეთის მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოზე ჯარისკაცია გამოსახული, რომელსაც სისხლიანი დანა ავღანელი ბავშვის ყელთან აქვს მიტანილი. ავსტრალიური მხარე ამტკიცებს, რომ ფოტო ყალბია, ის უნდა წაიშალოს და რომ მისი ასე გამოქვეყნება "ამაზრზენია".

პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და ფოტოს გამოქვეყნება დაგმო. ეს ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ისედაც გაუარესებული ურთიერთობების და დაძაბულობის კიდევ ერთი ნაწილი გახდა.

ავსტრალიის ხელისუფლებამ "ტვიტერს" ფოტოს წაშლა სთხოვა. მოსირონის თქმით, ფოტო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ჩაო ლიჯიანმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ეს აბსოლუტურად აღმაშფოთებელია და არანაირი საფუძვლით არ შეიძლება გამართლდეს", - თქვა მორისონმა. "ჩინეთის ხელისუფლებას სრულებით უნდა სცხვენოდეს ამ პოსტის გამო. ეს მათ მსოფლიოს თვალში აკნინებს".

ავსტრალიის არმიის ხელმძღვანელობამ პარასკევს განაცხადა, რომ სპეციალური დანაყოფების ის 13 ჯარისკაცი, რომლებიც სავარაუდო, უკანონო მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილნი, გათავისუფლდებიან.

"მათი სამხედროების მიერ უდანაშაულო ავღანელი სამოქალაქო პირების მკვლელობისთვის, სწორედ ავსტრალიის ხელისუფლებას უნდა სცხვენოდეს", - უპასუხა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ავსტრალიის მთავრობას და მორისონის განცხადებებს.

ავსტრალიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა აქამდეც არაერთხელ დაიძაბა, მათ შორის მაშინ, როდესაც კანბერამ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობა-გავრცელებასთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება მოითხოვა. ჩინეთი ნოემბრის დასაწყისში აცხადებდა, რომ ავსტრალიამ უნდა გამოასწოროს და შეცვალოს დამოკიდებულება მისი უდიდესი სავაჭრო პარტნიორის მიმართ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG