ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი: აზერბაიჯანში რუსი სამშვიდობოების განთავსებას საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გავლენა არ ექნება


აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება 10 ნოემბერს სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერით დამთავრდა. ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი აზერბაიჯანში სამშვიდობო ძალებს განალაგებს და სომხეთი აზერბაიჯანს ტერიტორიის ნაწილს დაუბრუნებს. რას ნიშნავს აზერბაიჯანში რუსი სამშვიდობოების განლაგება რეგიონის ქვეყნებისთვის და ექნება თუ არა ამას გავლენა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე. ამ თემებზე ჰერიტიჯის ფონდის საგარეო პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორ ლუკ კოფის ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო ლუკ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მოდით, საუბარი 10 ნოემბრის შეთანხმებით დავიწყოთ. შეთანხმებას ხელი სამმა ქვეყანამ - სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მოაწერეს და მისი მიზანი ცეცხლის შეწყვეტა და რეგიონში რაღაც სახის სტაბილურობის დამყარება იყო. სისხლისღვრა შეწყდა, თუმცა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. თქვენ რას ფიქრობთ ამ შეთანხმებაზე?

ჰერიტიჯის ფონდის საგარეო პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი
ჰერიტიჯის ფონდის საგარეო პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი

ვფიქრობ, ეს შეთანხმება ერთადერთი გზა იყო აზერბაიჯანისთვის, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივ მაინც აღსადგენად და ბრძოლის შესაწყვეტად. ვფიქრობ, ბაქოს გადაწყვეტილი ჰქონდა ეს კონფლიქტი სამხედრო გზით გადაეჭრა 30-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ. იმისთვის, რომ ბაქოს მიმდინარე დაპირისპირება წარმატებით გადაეჭრა, ზავზე შუამდგომლობა რუსეთს უნდა გაეწია. ეს აზერბაიჯანის მთავრობაში ბევრისთვის ალბათ მწარე წამალი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იქ რუსი მშვიდობისმყოფელები იქნებიან განლაგებული.

რუსეთის აზერბაიჯანში ყოფნაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა, ვფიქრობ, თქვენ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვით ხაზი, რომ რუსეთის სამშვიდობოების მიღება ბაქოსთვის ძნელად ჩასაყლაპი წამალი იყო. მამა ალიევი კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, აზერბაიჯანში რუსული ჯარის შესვლას ეწინააღმდეგებოდა. რა შეიცვალა ახლა აზერბაიჯანისთვის?

რუსეთს მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების გაგზავნა 1990-ანებში კონფლიქტის დასაწყისიდანვე უნდოდა. პრეზიდენტმა ალიევმა ქალაქ შუშას აღებით და სამხრეთში დიდი სამხედრო უპირატესობის მოპოვებით, გააცნობიერა, რომ მოლაპარაკების პირობები შეცვალა. მან გადაწყვიტა, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა ის, რომ გამარჯვების მიღწევის სანაცვლოდ ღირდა რუსი სამშვიდობოების მცირე რაოდენობის მთიანი ყარაბაღის იმ ნაწილებში განთავსება, სადაც ძირითადად, ეთნიკურად სომეხი უმცირესობა ცხოვრობს. მას ბრძოლის შეჩერება, ვფიქრობ, გულახდილად უნდოდა, რადგან ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპებოდა. ამასთან, ზამთარი მოდის, რაც მდგომარეობას გაართულებდა.

სანამ მეტი დეტალი არ გვეცოდინება 10 ნოემბრის შეთანხმებაზე, რთულია იმის თქმა, თუ რას ფიქრობდა თითოეული მხარე შეთანხმებაზე ხელის მოწერის დროს. მაგალითად, რამდენადაც მე მესმის, აზერბაიჯანი საკუთარ დროშებს აღმართავს სახელმწიფო შენობებზე ქარქში. ასევე, აზერბაიჯანის პოლიცია გააკონტროლებს ლაჩინის დერეფანს, მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსეთის სამშვიდობო ძალები დგანან, რომლებსაც ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებათ. რუსი სამშვიდობოები იქნებიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ ბაქო გარკვეულ ოპერაციებზე სუვერენიტეტს შეინარჩუნებს. ვფიქრობ, აზერბაიჯანისთვის რუსული დანაყოფები მისაღები იყო იმ შემთხვევაში, თუ მთიან ყარაბაღზე და მის გარშემო მდებარე შვიდ რეგიონზე, სუვერენიტეტს შეინარჩუნებდა.

საქართველოსთვის სამშვიდობოების ყოლა კარგად არ დამთავრდა.


ვფიქრობ, საქართველო ამ სიტუაციიდან ნორმალურად გამოვიდა. კონფლიქტის დროს, თბილისისთვის მთავარი მიზანი კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება იყო. მათ ძალიან ფრთხილად იარეს გამყოფ ხაზზე და დიპლომატიურად ეცადნენ ყველა მხარის დაბალანსებას. ვფიქრობ, ქართველების დიდი ნაწილი აზერბაიჯანს უფრო მეტად თანაუგრძნობდა იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილიც ოკუპირებულია. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოში დიდი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ეთნიკურად სომეხი თემები ცხოვრობენ, საქართველოს სიფრთხილე სჭირდებოდა. ვფიქრობ, საქართველომ კარგად გაართვა ამ კონფლიქტს თავი. თუ იმას ვიკითხავთ, გაუმჯობესდა თუ არა საქართველოს უსაფრთხოება მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგებით - რა თქმა უნდა, არა. მაგრამ იმაში დარწმუნება, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მილსადენები საფრთხის ქვეშ აღარაა, საქართველოსთვის დადებითი ამბავია. ისიც დადებითია, რომ კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე არ გადავიდა. ასევე, დადებითია ის, რომ არ მოხდა საზოგადოებრივი არეულობა სომეხი და აზერბაიჯანელი უმცირესობების უკმაყოფილების გამო. ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველო სიტუაციიდან ნორმალურად გამოვიდა.

მე ის ვიგულისხმე, რომ საქართველოში რუსი სამშვიდობოების განლაგება არ დამთავრდა ქვეყნისთვის კარგად. არ მოხდა მათი ინტერნაციონალიზაცია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ძალები არ განლაგებულა. აზერბაიჯანშიც ასე ხდება, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს.

დიახ, ასეა და ეს აზერბაიჯანისთვის მომავალში გამოწვევა იქნება. 10 ნოემბრის შეთანხმების თანახმად, რუსი სამშვიდობოები იქ 5 წელი დარჩებიან და შეთანხმების გაგრძელება ავტომატურად იქნება შესაძლებელი კიდევ 5 წლით. მაგრამ, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულების შეჩერება, თუ რომელიმე ერთი ქვეყანა მაინც მისი წინააღმდეგი იქნება. ბაქოსთვის გამოწვევა ის იქნება, რომ საკმარისად სტაბილური სიტუაცია შექმნას იმის დემონსტირებისთვის, რომ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ მთიან ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს, მშვიდობიანად შეეძლებათ იქ ცხოვრების გაგრძელება. თუ აღარ იქნება სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები, აზერბაიჯანს შეეძლება თქვას, რომ მის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები საჭირო აღარ არიან. მათ, ალბათ, უნდა სცადონ რუსული სამშვიდობო მისიის რაღაც სახის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიად გარდაქმნა, როგორიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყო საქართველოში, ან შეიძლება ეუთოს ეგიდითაც. რუსეთი ამას, ალბათ, არ დაეთანხმება. ჩვეულებრივ, როცა რუსი სამშვიდობოები სადღაც შედიან, იქ დიდი ხნით რჩებიან. მთიან ყარაბაღში ვითარება განსხვავებულია.

პრეზიდენტი პუტინი ამ პრობლემას, ვფიქრობ, არ მოელოდა და გეგმა არ ჰქონდა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ხდება სხვაგან - რუსეთმა ლიბიაში ერთგვარი მარცხი განიცადა, სირიაში მდგომარეობა ისევ რთულია, ბელარუსში დემონსტრაციები მიმდინარეობს, მოლდოვაში ხალხმა პროდასავლური პრეზიდენტი აირჩია, დონბასში ბრძოლები გრძელდება, ნავთობზე ფასები ისევ ძალიან დაბალია და რაღა თქმა უნდა, კოვიდი. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლებელია, რომ ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთი პრობლემა არ სდომებოდა მთიან ყარაბაღში. ვფიქრობ, მოსკოვმა ერევანი ასეთი ზეწოლის ქვეშ სწორედ ამ ფაქტორების გამო მოაქცია. საქართველოს და მოლდოვას მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთს ალბათ არ მოუნდება აზერბაიჯანიდან სამშვიდობოების გაყვანა, მაგრამ ბაქომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საკუთარი ტერიტორიიდან მათი გასვლისთვის ყველა პირობა შექმნას.

თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს სომხეთისთვის? ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისთანავე, სომხეთში დემონსტრაციები დაიწყო. მონაწილეები პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს კაპიტულაციაში ადანაშაულებდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და რომ ის დარჩება და ქვეყნის სტაბილიზაციას ეცდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი სომხეთისთვის?

სომხეთში პოლიტიკური დაძაბულობაა და ეს გასაგებია. მე კარგად მესმის იმათი, ვინც ქუჩაში გამოვიდა. მათ კვირების განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ სადაცაა გაიმარჯვებდნენ, რომ აზერბაიჯანის ჯარს ამარცხებდნენ, რომ გამარჯვებას დღე-დღეზე იზეიმებდნენ. ისინი ამ ტყუილებს ყოველ დღე ისმენდნენ, მაშინ, როცა აზერბაიჯანი დამაჯერებლად ამარცხებდა სომხეთის ჯარს ბრძოლის ველზე. ამ ფონზე, ფაშინიანმა უცებ საკუთარ ფეისბუქზე გამოაცხადა, რომ მთიან ყარაბაღს ფაქტობრივად აბარებდა აზერბაიჯანს. ვფიქრობ, მისი პოლიტიკური მომავალი დამთავრდა და ვერ ვხედავ, როგორ შეძლებს ის საკუთარი პოზიციის გამყარებას.

სომხეთმა, ვფიქრობ, ყურადღება უნდა გაამახვილოს შიდა-პოლიტიკური საკითხების მოგვარებაზე და უნდა შეწყვიტოს “დიდი სომხეთის“ იდეაზე საუბარი. ერევანი უნდა ეცადოს, საერთაშორისოდ აღიარებული სომხეთის ტერიტორიაზე, მმართველობა და მოსახლეობის კეთილდღეობა გააუმჯობესოს. სომხეთის პოლიტიკური ელიტა ახლა უფრო მეტადაა დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე აქამდე და ეს იმის გამო, რომ რუსეთმა მთიან ყარაბაღში საკუთარი სამშვიდობოები გაგზავნა. ამის შემდეგ, რუსეთს სომხეთზე უფრო მეტი გავლენა ექნება, ვიდრე ომამდე ჰქონდა.

თურქეთი ამ კონფლიქტის კიდევ ერთი დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თურქეთის ჯარი კავკასიაში ახლო წარსულში არ მდგარა. ახლა კი მოგვდის ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთი და თურქეთი ვერ თანხმდებიან აზერბაიჯანში თურქული სამხედრო სადამკვირვებლო პოსტის განლაგებაზე. თქვენი აზრით, რა ინტერესი ამოძრავებს თურქეთს და ასევე, რატომ უნდა აზერბაიჯანს საკუთარ ტერიტორიაზე ორივე ქვეყნის სამხედროების განლაგება?

ვფიქრობ, აზერბაიჯანი თურქეთს ხედავს როგორც რეგიონში რუსეთის ჰეგემონიის ერთგვარ ბალანსს. მართალია, თურქეთს იქ ჯარი საუკუნეზე მეტია არ ჰყოლია, მაგრამ ანკარა კავკასიაში ეკონომიკურად და ენერგეტიკის თვალსაზრისით აქტიურად იყო ჩართული. მთავარი გაზისა და ნავთობის მილსადენები, რკინიგზა, ავტომაგისტრალები, რომლებიც კასპიის ზღვის რეგიონს, საქართველოს გავლით, თურქეთთან და შემდეგ ევროპასთან აკავშირებს. ასე რომ, თურქეთი კავკასიაში ჩართული იყო, მაგრამ არა - სამხედრო თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში თურქეთი გამარჯვებულად გამოვიდა.

ანკარამ მოახერხა ის, რომ კავკასიაში გეოპოლიტიკური ბალანსი შეცვალა და ეს ბალანსი მოსკოვიდან ცოტათი ანკარისკენ გადაწია. თურქეთი აზერბაიჯანში სამხედრო კონტინგენტს რაღაც სახით განალაგებს. შეიძლება ეს სადამკვირვებლო მისია იყოს, რომელიც თქვენ ახსენეთ. არ ვიცი, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თურქეთის და რუსეთის ჯარისკაცები პატრულირებაზე ერთად ივლიან. თურქეთი ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავდა საკუთარ მხარდაჭერას აზერბაიჯანის მიმართ. მათ ბევრი აქვთ საერთო, იქნება ეს ისტორიული, ლინგვისტური, რელიგიური, კულტურული, თუ ეკონომიკური ახლო კავშირები. ასევე ვფიქრობ, რომ მთიანი ყარაბაღის აღმშენებლობის პროცესში თურქული კომპანიები აქტიურად იქნებიან ჩართული, რადგან აზერბაიჯანი მათ ენდობა. ვფიქრობ, რეგიონში თურქეთის გავლენა იზრდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით - ის, რომ აზერბაიჯანში თურქეთის სამხედროები იქნებიან, იქ ასევე იქნებიან რუსული ძალები, რაც აქამდე უპრეცედენტოა. რუსეთის ჯარი ახლა კავკასიის სამივე ქვეყანაში რაღაც ფორმითაა წარმოდგენილი - საქართველოში ოკუპანტი ძალაა, სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, აზერბაიჯანში კი სამშვიდობოები განალაგა. ამ ფონზე, საქართველო ნატოში გაწევრიანებას ცდილობს. თქვენი აზრით, ამ ფონზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს ხელი შეეშლება? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვაზე?

არ მგონია, მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებამ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ვფიქრობ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ორი წინაღობაა. ერთი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ძალებს არ შეუძლიათ თანაარსებობა ისე, რომ ერთმანეთს პატივი სცენ და ერთმანეთის მიმართ თავაზიანები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყველა დიდ პარტიას შორის საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობა არსებობს, როცა ნატოს წევრები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან, ეჭვები უჩნდებათ. განსაკუთრებით, მმართველობის თვალსაზრისით. მეორე გამოწვევა კი ისაა, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსული ჯარი დგას და არა ის, რომ რუსული სამშვიდობოები ახლა მთიან ყარაბაღშიც არიან. სანამ ნატოს წევრები არ მონახავენ გზას იმისთვის, რომ საქართველო ნატოში შეიყვანონ, მანამდე რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე დე-ფაქტო ვეტოს შეინარჩუნებს. ეს არ არის კარგი ნატოსთვის ან საქართველოსთვის. ეს მიდგომა მხოლოდ რუსეთს აქეზებს.

თქვენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ხართ. თქვენ ასევე ერთ-ერთი სულიჩამდგმელი ხართ იმ იდეის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსული ოკუპაციის მიუხედავად შეუძლია. ამ იდეის თანახმად, საქართველო შეიძლება ალიანსის წევრი გახდეს ისე, რომ ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი - კოლექტიური თავდაცვის გარანტია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს. როგორ ფიქრობთ, საქართველო მზადაა ნატოში გაწევრიანებისთვის? იმ ორი გამოწვევის გარდა, რაც ახლა ახსენეთ, უფრო ფართო გადმოსახედიდან, რას ხედავთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად?

ხშირად მეკითხებიან, საქართველო არის თუ არა ნატოში გაწევრიანებისთვის მზად. მე ყოველთვის ჩემი სამხედრო კარიერა მახსენდება, როცა ამერიკის არმიის ოფიცერი ვიყავი. ჯარში მომდევნო რანგზე დაწინაურება შენს პოტენციალზე დაყრდნობით ხდება და არა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მომზადებული ხარ ამ რანგისთვის ამ წუთას. ვფიქრობ, ეს ფართო სტრატეგიას რომ დავუკავშიროთ, საქართველოს, რა თქმა უნდა, აქვს უდიდესი პოტენციალი იმისთვის, რომ ნატოს ფანტასტიკური წევრი იყოს. საქართველო, ზოგიერთ უკვე ნატოს წევრ ქვეყანას, ბევრი რამით უსწრებს, იქნება ეს სამხედრო მზაობა, სამხედრო ბიუჯეტი, ქართული ჯარის შესაძლებლობები და სხვა. დიახ, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საქართველო ალიანსის წევრობისთვის მზადაა.

იმ მხრივ, თუ რას შეუძლია საქართველოს გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა, მგონია ეს რუსული ოკუპაციაა. ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები, თავისთავად, არ მგონია დიდი ფაქტორი იყოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესაჩერებლად. თუმცა, ალიანსის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად არ იცნობენ საქართველოს, შიგადაშიგ კითხულობენ საქართველოზე და არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საქართველოს ნატოს წევრობისთვის მზაობა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას შორის არსებობს თანხმობა იმაზე, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG