გადამდგარმა ადმირალმა და ნატოს ყოფილმა სამხედრო მეთაურმა ჯეიმს სტავრიდისმა, ორშაბათს “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთში 10 ათასი ჯარისკაცი უნდა დატოვონ, რათა თალიბანი აიძულონ ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოოს. სტავრიდისმა თქვა, რომ დარწმუნებულია პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოესი მომავლისთვის ავღანეთში ამერიკული ძალების ყოფნას შეინარჩუნებს.
გადამდგარ ადმირალს მიაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოება სინამდვილეში ავღანეთის განუსაზღვრელი დროით მხარდაჭერას გააგრძელებს. მან თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სავარაუდოდ წარმატებული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის სურვილი ექნება.
სტავრიდისი ფიქრობს, რომ ახალი ადმინისტრაცია ძალიან სერიოზულად იფიქრებს დამატებითი ძალების შეყვანაზე იმის მიუხედავად, პრეზიდენტი ტრამპი ინაუგურაციამდე მთელ 2500-იან კონტინგენტს შინ დააბრუნებს თუ არა. ბაიდენის გუნდს კი ავღანეთის საქმეებში დიდი გამოცდილება აქვს და ვითარებაში კარგად ერკვევიან.
ყოფილმა მეთაურმა თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდასაჭერად, ავღანეთში 5-დან 6 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცის და მოკავშირეთა ძალების იგივე რიცხვის ყოფნაა საჭირო. მან თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ეს საუკეთესო გზაა.
ის საკითხი, ბაიდენი შეცვლის თუ არა ტრამპის ავღანურ პოლიტიკას, სტავრიდისის თქმით, დამოკიდებულია გლობალურ ვითარებაზე და ყველა ადმინისტრაცია გადაწყვეტილებებს კონკრეტული ვითარების შესაბამისად იღებს. ადმირალმა გამოთქვა რწმენა, რომ ავღანეთის მისია უფრო პირობებზე დაფუძნებული გახდება, ვიდრე ის გასული წლის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს სჩანდა. ეს კი ავღანეთისთვის კარგი სიახლე იქნება.
ნატოს ყოფილმა სამხედრო მეთაურმა აღნიშნა, რომ 3 ათას ამერიკელ და 3 ათას ნატოს ჯარისკაცს, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისთვის ფინანსური მხარდაჭერის პირობებში, თალიბანის განუსაზღვრელი დროით შეკავება შეეძლება. მან თქვა, რომ ჯარის მინიმალური რიცხვის და მცირეოდენი დაფინანსების უზრუნველყოფა, შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს ადვილად შეუძლიათ.
გადამდგარმა ადმირალმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ურჩევდა, ავღანეთის მისიის აქამდე მოყვანილი საქმე, რომელიც მოკავშირეებთან, პარტნიორებთან, მეგობრებთან და რაც ყველაზე მთავარია, ავღანელ ხალხთან ერთად კეთდებოდა და დიდი ინვესტიცია ჩაიდო, ხელაღებით არ მიატოვოს. თალიბანს კი ეტყოდა, არ ფიქრობს, რომ მათ კარგი მომავალი აქვთ.
მასალა მოამზადა “ამერიკის ხმის” ექსტრემიზმის კვლევის რედაქციამ ვაშინგტონში.
Facebook Forum