ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

IRI: საპარლამენტო არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები


"საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა", ახალი შუალედური ანგარიში გამოქვეყნა, 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიში მოიცავს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზსა და 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისთვის რეკომენდაციებს.

ორგანიზაციის ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, სტივენ ნიქმა თქვა, რომ: "საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა".

IRI ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, ძირითადად მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე უარყოფითად იმოქმედა.

“მიუხედავად იმისა, რომ 40-მა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა თავდასხმა კამპანიის აქტივისტებზე, კამპანიისთვის განკუთვნილი ნივთების/ქონების დაზიანება და სხვა პროვოკაციული ქმედებები, მაგალითად, ე.წ. “ათლეტების” რეკრუტირება ამომრჩევლის დასაშინებლად. ასევე, ანგარიშებში ხშირად იყო აღწერილი ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები, სამუშაო საათებში კამპანიაში საჯარო მოხელეების ჩართვის პრეცედენტები, სოციალური დახმარებით მანიპულირების ფაქტები და ადგილობრივი ძალოვანი ორგანოების მიერ დაშინების შემთხვევები”, ვკითხულობთ ანგარიშში.

IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საუბარია, როგორც წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნების პერიოდზე, ისე ამ დროის განმავლობაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციებზეც.

“მიუხედავად იმისა, რომ ოქმების ნაწილი შესწორებულ იქნა კანონიერი მიზეზით, მაგალითად, არასწორი დროის, ხელმოწერის ან მცირე მათემატიკური შეცდომის გამო, დარჩენილი ნაწილის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. არჩევნების დღის შემდგომ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა შენიშნა, რომ არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული”, - წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიპის დარღვევას შორის, რომელიც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და მათზე ზეწოლა, საარჩევნო კომისიის ოქმებში ციფრებით მანიპულირება და ა.შ

ანგარიშში საუბარია ოპოზიციაზეც და მათ პროტესტზეც და ნათქვამია, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია. იქვე ვკითხულობთ მოწოდებას პოლიტიკური პარტიებისადმი, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად "თავი შეიკავონ მწვავე რიტორიკისგან და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან, პროვოკაციებისგან და ზეწოლისგან. მხარეები უნდა ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG