ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუტანტი ვირუსი - დანიაში, წაულების ფერმებზე კორონავირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა დადასტურდა


წაულას* და ადამიანს შორის კოვიდ-19-ის გადადებ-გადმოდების შესახებ ფართო სამეცნიერო წრეებისთვის ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე გახდა ცნობილი. 23-25 სექტემბერს, დანიელმა მეცნიერებმა კოლეგებს ონლაინ რეჟიმში მიმდინარე კონფერენციაზე, წაულების 16 ფერმაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს, რომელიც აჩვენებდა, რომ მათ ადამიანიდან ცხოველზე და შემდეგ ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის სარს-კოვ-2 გადაცემის დადასტურებული (ზოონოტიკური) შემთხვევები აღრიცხეს.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, კვლევის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებამდე, დანიის ხელისუფლებამ, ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეკავების მიზნით, ქვეყანაში წაულების მთლიანად განადგურება გადაწყვიტა. დანია ბეწვეულის წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერია და მათ ფერმებზე დაახლოებით 15 მილიონი წაულაა მოშენებული.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედრიკსენმა გასულ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მილიონობით ცხოველის გაწყვეტა „მძიმე გადაწყვეტილება“ იყო, მაგრამ სიტუაცია „მკვეთრი ზომების მიღებას“ ითხოვდა. მთავრობამ დრამატული სვლა მას შემდეგ გააკეთა, რაც მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ არსებობს რეალური რისკი, მუტანტმა ვირუსმა, ანუ სარს-კოვ-2-ის ახალმა ვარიაციამ, ანტისხეულებისადმი შემცირებული მგრძნობელობის გამო, კორონავირუსის ვაქცინების ეფექტურობა რისკის ქვეშ დააყენოს.

დანიელ მეცნიერთა ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალში „საიენსი“ (Science), სამშაბათს, 10 ნოემბერს გამოქვეყნდა და ახლა უკვე ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომია. კვლევის ავტორები არიან: ექიმი ბას ოუდე მუნიკი, პროფესორი უიმ ვან დერ პოლი, პროფესორი არჯან შტეგმანი, პროფესორი მარიონ კუპმანსი და რიენა სიკემა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დანიელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს სიღრმისეულად გამოეკვლიათ ინფიცირების მზარდი წყაროები ჰოლანდიაში და დანიაში მდებარე წაულების ფერმაზე. მათ ვირუსის გენომი 16 ფერმაზე შეისწავლეს, სადაც დაახლოებით 720 000 ცხოველია მოშენებული. ფერმებზე მომუშავე 97 ადამიანიდან (პი-სი-არ ტესტით, ან სეროლოგიური ანალიზით) 66-ს ვირუსი დაუდასტურდა, ანუ პერსონალის 67% ინფიცირებული აღმოჩნდა.

ინფიცირება დადასტურდა წაულებშიც. დანიელი მეცნიერების დასკვნით, ფერმებზე ინფექცია გვიან გაზაფხულზე, ჯერ ადამიანებმა შეიტანეს. ამის შემდეგ დიდი ალბათობით, მოხდა ვირუსის ფართო ცირკულაცია წაულებში და მათგან, ვირუსის კვლავ ადამიანებზე გადადება.

ადამიანთა ნაწილის "ინფიცირება მოხდა შტამებით, რომლებზეც ცხოველის სიკვენსის ხელწერა იკითხება, რაც წაულების ფერმებზე, სარს-კოვ-2-ის ცხოველიდან ადამიანზე გადაცემას ადასტურებს“ - ნათქვამია სამეცნიერო ნაშრომის პრეამბულაში. მეცნიერები ამ დასკვნამდე ვირუსის გენომის სიკვენსის (დნმ-ის შემადგენელი ერთეულების თანმიმდევრობის) შესწავლით მივიდნენ.

რამდენიმე დღის წინ, დანიელმა მეცნიერებმა მათ მიერ აღმოჩენილი მუტირებული ვირუსის გენომის სიკვენსი საერთაშორისო ბაზაზე შეიყვანეს. ისინი ფიქრობენ, რომ წაულების ფერმებზე ბიოუსაფრთხოების ზომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა მიიღონ.

დროთა განმავლობაში ვირუსის მუტაცია ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ექსპერტებს განსაკუთრებით აშფოთებთ ვირუსის გადაცემა ცხოველებს და ადამიანებს შორის. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ევროპის კავშირის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრი ამ კვირის განმავლობაში გამოაქვეყნებს წაულების ფერმებზე შესაძლო რისკების შეფასებას.

რამდენიმე თეორიის არსებობის მიუხედავად, ჯერჯერობით სარს-კოვ-2-ის წარმოშობაზე მეცნიერებს ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. წაულებს შორის ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები ჰოლანდიის და დანიის გარდა, ასევე დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, იტალიაში, შვედეთში და ესპანეთში. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ ახალი კორონავირუსით შეიძლება ადამიანის გარდა დაინფიცირდნენ კატები, კურდღლები, ღამურები, ძაღლები, ლომები, თუ ვეფხვები.

წაულების ბეწვეულის წარმოებისთვის მოშენება აკრძალულია დიდ ბრიტანეთში. საფრანგეთიც აცხადებს, რომ 2025 წლამდე მათ ფერმებზე მოშენებას აკრძლავს. მსგავსი ნაბიჯის გადადგმას პოლონეთიც გეგმავს.

დანიელი მეცნიერების ნაშრომის დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალ "საიენსის" 10 ნოემბრის პუბლიკაციაში. ჟურნალს გამოსცემს დაახლოებით 170 წლის წინ დაარსებული, ამერიკის მეცნიერების დაწინაურების ასოციაცია (AAAS). მასში დღეისთვის დაახლოებით 120 000 ადამიანი ერთიანდება. საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის მიზანია მსოფლიო მასშტაბით სამეცნიერო თავისუფლების დაცვა, მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო პასუხისმგებლობის სტიმულირება, სამეცნიერო განათლების და მეცნიერების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

---

* წაულა კვერნისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი ცხოველია. ლამაზი ბეწვის გამო, მას ძვირფასი ბეწვეულის დასამზადებლად იყენებენ. საქართველოში წაულას რუსული დასახელებითაც „ნორკა“ იცნობენ. კავკასიური წაულა გადაშენების პირზეა და საქართველოს წითელ წიგნშია შეყვანილი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG