საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ გეგმავენ 10 საათისთვის, გადაადგილების შეზღუდვის ძალაში შესვლისას დაშლას. ისინი დაუმორჩილებლობას აცხადებენ და მიაჩნიათ, რომ ეს გადაწვეტილება „არაკონსტიტუციურია“.
„ჩვენ დღეს 22:00 საათზე ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას... ეს არის ძალიან ფრთხილად მისაღები გადაწყვეტილება. ინდივიდუალურად გადაწყვიტეთ, თუ ხვდებით, რომ საკმარისად თბილად გაცვიათ, თუ ხვდებით, რომ შეგიძლიათ დილის 05:00 საათამდე ყოფნა და არ გეშინიათ იმის, რომ ზუსტად თქვენ დაგაჯარიმებენ, მაშინ ერთად დავრჩებით“, - ამბობს გიგა მაქარაშვილი, მოძრაობა „სირცხვილია"-ს აქტივისტი.
გადაადგილების შეზღუდვის დაწესებას, რომელიც საქართველოს მთავრობის თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას ისახავს მიზნად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ გადაადგილების შეზღუდვის უფლება საქართველოს მთავრობას კონსტიტუციურად არ გააჩნია.
"კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. მეტიც, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა, საკუთრივ ამგვარი აკრძალვა კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას", - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა" (GDI) და "ადამიანის უფლებების ცენტრის" (HRC) მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში.
აქციის მონაწილეებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები მიმართავენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს საუბარი ხელახალი არჩევნების გამართვის თაობაზე.
“თქვენი ციხის არავის ეშინია. ბრძოლა არა თუ არ შეწყდება, არ შენელდება! ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს მუხტი ჩაკლას - ისტორიას ვწერთ, აქ ახალი საქართველო იწრთობა“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
რუსთაველზე საპროტესტო აქცია ოპოზიციის ლიდერებმა მას შემდეგ გამართეს, რაც გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) დემონსტრანტების წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და წიწაკის აეროზოლი გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - 3 ჟურნალისტი.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, და განაცხადა, რომ ეს იყო „ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შტურმის მცდელობა“. გახარიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა მოლაპარაკებებისთვის.
„მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, - თქვა მან.
განცხადება გააკეთა ასევე თბილისის მერმა, კახი კალაძემ და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად.
„ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, რა თქმა უნდა, დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით, გადატრიალებებით და ასე შემდეგ“,- განაცხადა კალაძემ.
"ქართული ოცნების" განცხადებებს გამოეხმაურა, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და აღნიშნა, რომ დიალოგი იმ საკითხზეა მისაღები, „რამაც კრიზისი გამიწვია“.
„მთავარი საკითხი, რომლის შიგნითაც არის ბევრი ქვესაკითხი, არის ეს არჩევნები და მისი სამარცხვინო შედეგები, მისი გაუქმება და ხელახალი არჩევნების ნორმალურად ჩატარება. დიალოგისთვის ამ საკითხზე ვართ მზად“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
აქციაზე შეკრებილებს მშვიდობიანი პროტესტისკენ და მთავრობას გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელონა ჯებრეა ხოჯამ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ლიდერმა, პია კაუმამ. დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი, მათი ინიციატივით, საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ცესკოსთან გამართულ აქციაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
„მივესალმები ხალხის მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, თუმცა ძალადობა მიუღებელია. მოვუწოდებ დემონსტრაციას იყოს მშვიდობიანი. ამავდროულად, აღვნიშნავ, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, გამოიჩინოს თავშეკავება დემონსტრანტების მიმართ, აუცილებელია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოუსმინონ დემონსტრანტების ხმას და პატივი სცენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს", - განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, ელონა ჯებრეა ჯოხამ.
აქციას უპასუხა ასევე ცესკომაც და განაცხადა, რომ ეს საარჩევნო ადმინისტრაციაზე „ზეწოლის ფორმაა“.
"ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიებში", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ამბობს რომ, არჩევნები გაყალბდა. პარტიები ხელისუფლებისგან ხელახალი არჩევნების გამართვას ითხოვენ. „ქართული ოცნება“ კი საპასუხოდ ბრალს "ნაციონალურ მოძრაობას" სდებს და აცხადებს, რომ მას ქვეყნის „დესტაბილიზაცია“ სურს.
ოპოზიცია ამბობს, რომ მორიგ აქციას 14 ნოემბერს, დღის 3 საათზე გამართავს
Facebook Forum