საქართველოში ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევით კი მნიშვნელოვნად განსხვავებული მონაცემები დაფიქსირდა. როგორც "ქართული ოცნება", ისე ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს.
გიორგი გახარიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ფეისბუკზე" დაწერა: „ჩვენ გავიმარჯვეთ!"
„მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა! ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ. მადლობა ყველას - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირვებელებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინსვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი,"- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
ოპოზიცია საერთო გამარჯვების შესახებ საუბრობს. ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის წინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა იზეიმეს და ფოიერვერკიც გაუშვეს.
"ჩვენ ხომ მოვაწერეთ ხელი, რომ ყველანი ვმოქმედებთ ივანიშვილის წინააღმდეგ. ვხსნი ჩემს საკითხს საერთოდ. მოვნახოთ კონსენსუსი და ფიგურები, მოვნახოთ ეროვნული ერთიანობის შეხების წერტილები. ახლა ჩვენ ხალხი არ გვაპატიებს, რომ ის ერთობა და ის მანდატი, რომელიც მოგვცა ხელში, სათანადოდ არ გამოვიყენოთ. დავდგეთ ერთად, მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე. ძალიან მიხარია თითოეული თქვენგანის წარმატება და ჩვენი ამოცანაა ახლა უკვე საქართველოს წარმატება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა საქართველოში მოიპოვეს აბსოლუტური უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნების შედეგად და ეს არის წყალგაუმტარი ფაქტი, დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა. ახლა უკვე დავთვალოთ ხმები კარგად, ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი ხმები კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ეგზიტპოლების ამბობს,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
განცხადება გაკეთდა პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩში". პარტიაში "იფსოსის" კვლევის მონაცემებს იშველიებენ, რომლის მიხედვითაც "გირჩი" თბილისში მესამე პარტიაა რეიტინგებით. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს: „მგონია რომ შესაძლოა 3%-ზე ცოტა მეტიც იყოს. საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, ხმების დათვლის შემდეგ გამოჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად მიმაჩნია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია“.
სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ეგზიტპოლების კუთხით "ქაოსია. ვაშაძე ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ხმების დათვლის პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით სხვა შედეგები იქნება საარჩევნო უბნებზე და ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეგზიტპოლები უნდა ავკრძალოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეს იყო მოთხოვნა. ეგზიტპოლებს ახლავს ინფორმაცია, რომ 50% მასში არ მონაწილეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული შედეგი იქნება. ჩვენც ველოდებით გაცილებით უკეთეს შედეგებს და ყველა ჩვენს მხარდამჭერს ვთხოვთ მაქსიმალურ მობილიზებას. დავიცვათ ხმები, დავიცვათ ის შედეგები, რაც ჩვენმა ძლიერმა საარჩევნო კამპანიამ მოგვიტანა,"- აცხადებს ვაშაძე.
ცესკოში საარჩევნო კომისიებიდან ოქმების გადაგზავნა მიმდინარეობს, თანდათანობით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვებგვერდზე გამოაქვეყნებს მონაცემებს. უახლოეს საათებში პირველად მონაცემებს სპეციალურ ბრიგინგზე გამოაცხადებენ.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი ხმის მიცემას ამ დრომდე აგრძელებენ. ამ დრომდე გრძელდება ხმის მიცემის პროცესი ამერიკაში არსებულ 4 საარჩევნო უბანზე.
Facebook Forum