25 წლის ნევადელ ახალგაზრდა კაცს, რომელიც სხვამხრივ ჯანმრთელია, კოვიდ-19 ექვსი კვირის ინტერვალით, ორჯერ დაემართა. ხელმეორე ინფიცირების შემდეგ, დაავადება გაცილებით რთულად წარიმართა და ახალგაზრდას ხელოვნური სუნთქვის აპარატიც კი დასჭირდა.
ნევადელი მამაკაცი, საბოლოო ჯამში, გამომჯობინდა, მაგრამ მომხდარის გამო, კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: რამდენად არის ადამიანი დაცული ახალი კორონავირუსის გადატანის შემდეგ? ან რამდენად ეფექტური იქნება ვაქცინა, რომელსაც ბევრი დიდი მოლოდინით შეჰყურებს?
გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მომავალ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ჯერ ისევ უპასუხოდაა დარჩენილი. სპეციალისტებმა აქამდე არ იციან, თუ რამდენად ძლიერ იმუნიტეტს გამოიმუშავებს ადამიანის ორგანიზმი და რამდენი ხნით, მას შემდეგ, რაც მას სარს-კოვ-2 ვირუსის გამო, დაავადება კოვიდ-19 დაემართება.
რეალობა დღეს ასეთია: ახალი კორონავირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ ისევ აქტიურად ვრცელდება და მისი კონტროლი ვერ ხერხდება. ამასთან, ისიც ვიცით, რომ ზოგიერთი ვირუსი იმუნიტეტს მთელი ცხოვრების მანძილზე ტოვებს, ზოგიერთისგან გამომუშავებული იმუნიტეტი კი ხანმოკლეა, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის მსგავსი, რესპირატორული ინფექციების შემთხვევებში და მან მხოლოდ რამდენიმე თვე შეიძლება გასტანოს.
ამ ფონზე, ორშაბათს შევიტყვეთ, რომ მსოფლიოში სარს-კოვ-2-ით განმეორებით ინფიცირების უკვე რიგით მეხუთე და ამერიკის შეერთებულ შტატებში კი პირველი შემთხვევა დადასტურდა. კვლევა ამ ფაქტის შესახებ 12 ოქტომბერს სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა. რიგ შემთხვევებში დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის გამო, სპეციალისტები არც იმას გამორიცხავენ, რომ მილიონობით ინფიცირებულს შორის, ხელმეორედ ინფიცირება გაცილებით ხშირად ხდებოდეს და მას ბევრი ადამიანის იმუნიტეტი იოლად ერეოდეს.
რაც შეეხება ნევადელ ახალგაზრდას, რამდენადაც ცნობილია, მას იმუნიტეტის პრობლემა არასდროს ჰქონია. ე.წ. პი-სი-არ ტესტით კოვიდ-19 მას პირველად 18 აპრილს დაუდასტურდა. ის საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, კარანტინში გამომჯობინდა.
ამის შემდეგ, ტესტი კიდევ ორჯერ აიღო და ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღო. პირველი ანალიზიდან 48 დღის შემდეგ, 5 ივნისს, პაციენტს პი-სი-არ ტესტით კოვიდ-19-ზე ისევ დადებითი პასუხი მოუვიდა. ამჯერად მას სიმპტომებიც უფრო მკვეთრად გამოხატული ჰქონდა. პაციენტს აღენიშნებოდა სიცხე, ყელის ტკივილი, სისუსტე. ამ ყველაფერს ჟანგბადის უკმარისობაც დაემატა და პაციენტს ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა.
ვირუსის შესწავლამ აჩვენა, რომ მეორე ვირუსი იმავე ჯგუფის იყო, რომელიც ნევადის ჩრდილოეთ ნაწილშია გავრცელებული. მაგრამ, გენომის ანალიზმა აჩვენა, რომ ამჯერად სარს-კოვ-2 პირველი ნიმუშისგან გენეტიკური აგებულებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, ანუ პაციენტს ვირუსი თავიდან შეეყარა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სუსტი იმუნიტეტი არც მანამდე დაფიქსირებულ რეინფიცირების 4 შემთხვევაში, არცერთ პაციენტს არ ჰქონია. ანტისხეულების არასაკმარისად გამომუშავება არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ იმუნოდეფიციტი რეინფიცირების ამ კონკრეტულ შემთხვევებში ფაქტორი არ არის.
არ არის გამორიცხული, რომ ხელმეორედ ინფიცირებასთან გაცილებით რთულად გამკლავება, ერთეული შემთხვევა არ იყოს და ორგანიზმს ზოგადად უჭირდეს კოვიდ-19-ით რეინფიცირებასთან ბრძოლა. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ სპეკულაციაა, რადგან ვირუსის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის.
კვლევის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ჟურნალ „ლანცეტის“, 12 ოქტომბრის ნომერში. მისი წამყვანი ავტორია რიჩარდ ლ. ტილეტი.
Facebook Forum