ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს


არჩევნების გაყალბებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის გამო, ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის მაღალი თანამდებობის პირებს და მათ ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესეს. ეს პირველი სანქციების პაკეტია, რომელიც დასავლეთის მთავარმა ძალებმა ბელარუსის მაღალჩინოსნებს დაუწესეს.

სანქციების პაკეტი ბელარუსის მაღალჩინოსნების და მათი ოჯახის წევრების მიმართ მოგზაურობის შეზღუდვასა და ფინანსური აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია სანქციები დაუწესდათ ალექსანდრე ლუკაშენკოს და მის ვაჟს ვიქტორს, რომელიც მისი საარჩევნო შტაბის უფროსია. ასევე სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი ორი მოადგილე და კიდევ 10 ადამიანი.

გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები იმართება. სამთავრობო საპოლიციო ძალები კი მათ არბევენ და აკავებენ. ამ დროისთვის დაკავებულია 12 000-ზე მეტი ადამიანი.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება და ბელარუსის ხალხი ამბობს, რომ მათ არჩევნები გაუყალბეს, რასაც კატეგორიულად უარყოფს ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც გასულ კვირას პრეზიდენტის ფიცი მეექვსედ და მალულად დადო.

"დღეს გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ მკაფიო გზავნილი გააგზავნა ლუკაშენკოს მოძალადე და თაღლით რეჟიმის წინააღმდეგ და ეს მესიჯი სანქციებია... ჩვენ არ ვაღიარებთ ბელარუსის არჩევნების შედეგებს... ჩვენ პასუხს ვაგებინებთ მათ, ვინც ბელარუსის ხალხს ძალადობა დაუპირისპირა და დავიცავთ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ჩვენეულ ფასეულობებს"- ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი.

განცხადება გაავრცელა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანსუა ფილიპ შამპანმაც.

"კანადა ჩუმად არ დადგება, მაშინ როცა ბელარუსის მთავრობა განაგრძობს ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებს,"- ამბობს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საფრანგეთის პრეზიდენტი კი სვიატლანა ციხონუსკაიას შეხვდა. ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპის სახელით. შეხვედრა ვილსნიუსში გაიმართა, სადაც ციხონუსკაია მას შემდეგ ცხოვრობს, რაც ბელარუსში არჩევნები გაყალბდა და საპროტესტო აქციები დაიწყო, მისი ქმარი დაკავებულია თავად კი ქვეყნიდან გაქცევა შეძლო.

გასულ კვირას ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არ ცნობენ ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტად და არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG