ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წამყვანი რესპუბლიკელები ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე აკეთებენ განცხადებებს


მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა პირობა დაედო, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენთან არჩევნებში წაგების შემთხვევაში, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდება, წამყვანი რესპუბლიკელები ხაზს უსვამენ შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ასეთი გადაცემის მნიშვნელობას.

თეთრ სახლში გამართული პრეს-კონფერენციის დროს, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პრეზიდენტმა ასე უპასუხა: “ვნახავთ რა მოხდება, ბიულეტენების თაობაზე ძლიერ პრეტენზიას გამოვთქვამდი და ბიულეტენები კატასტროფაა.”

ტრამპმა მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ იწინასწარმეტყველა ფოსტით გაგზავნილი ათობით მილიონი ბიულეტენის მასობრივი გაყალბება. კორონავირუსის პანდემიის დროს ბიულეტენების ფოსტით გაგზავნას, მხარს დემოკრატები უჭერენ.

პრეზიდენტმა განმარტა, თუ რა შეიძლება მოხდეს: “გვსურს... ბიულეტენების თავიდან აცილება... გადაცემა ვერ მოხდება, გულწრფელად რომ ვთქვათ, გაგრძელება მოხდება.”

სენატის უნრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა “ტვიტერზე” დაწერა: “3 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებულის ინაუგურაცია 20 იანვარს მოხდება. იქნება მოწესრიგებული გადაცემა ზუსტად ისევე, როგორც 1792 წლიდან, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდებოდა.”

ფლორიდის წარმომადგენელმა სენატორმა მარკო რუბიომ თქვა: “2021 წლის 20 იანვრის შუადღეს, ჩვენ მშვიდობიანად მივიღებთ პრეზიდენტის ფიცს.” რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა კი ტელეარხ “ფოქსს”უთხრა: “თუ რესპუბლიკელები წააგებენ, ჩვენ ამ შედეგს დავეთანხმებით.”

ოთხშაბათს ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრება არ გამორიცხა: “ვფიქრობ, ნოემბრის არჩევნების საქმე უზენაეს სასამართლოში აღმოჩნდება და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ცხრა მოსამართლე გვყავდეს.”

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს წევრის კანდიდატის წარდგენას შაბათისთვის გეგმავს. თუ სენატი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს არჩევნებამდე დაამტკიცებს, სასამართლოს კონსერვატიულ ფრთას ექვსი სამზე უმრავლესობა ექნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG