„2020 წლის დასაწყიში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე იცოდა, რამდენად მომაკვდინებელი შეიძლება ყოფილიყო ახალი კორონავირუსი. მაგრამ, მან ამერიკული საზოგადება განზრახ შეიყვანა შეცდომაში დაავადების სიმძიმის შესახებ, რათა პანიკა არ გამოეწვია“ - ნათქვამია ჟურნალისტ ბობ ვუდუორდის ახალ წიგნში.
წიგნის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ვირუსმა ჩინეთიდან გავრცელება დაიწყო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, თეთრ სახლში 28 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტ ტრამპს უთხრა - „ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხე თქვენი პრეზიდენტობის განმავლობაში, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.“
წიგნის მიხედვით, პრეზიდენტი ტრამპი საჯარო გამოსვლებში, ვირუსის საფრთხეს მინიმალურად წარმოაჩენდა. ვუდუორდთან საუბრისას კი, ის ვირუსს მომაკვდინებელს უწოდებდა. თეთრი სახლის პრეს სპიკერი აცხადებს, რომ ასე პრეზიდენტი ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა - „ეს არის, რასაც ლიდერები აკეთებენ“ - აცხადებს კეილი მაკინანი.
„ამ პრეზიდენტმა უპრეცედენტო სამუშაო გასწია კოვიდ-19-თან გასამკლავებლად. ის აცნობიერებდა, რამდენად სერიოზული იყო ეს ყველაფერი და მარტშივე დაადასტურა, რომ შესაძლებელი იყო, 100 000 - 200 000 სიცოცხლე დაგვეკარგა“ - ამბობს თეთრი სახლის პრესსპიკერი.
ვუდუორდის წიგნში მოთხრობილს, „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპი:
„ბობდ ვუდუორდს, ჩემი ციტატები თვეების განმავლობაში ჰქონდა. თუ ფიქრობდა, რომ ისინი ამდენად ცუდი და საშიშროების შემცველი იყო, სიცოცხლეების გადასარჩენად, რატომ დაუყოვნებლივ არ გაასაჯაროვა ისინი? მას არ ჰქონდა ამის ვალდებულება? არა, რადგან მან იცოდა, რომ ეს კარგი და სათანადო პასუხები იყო - მშვიდი და არა პანიკური“ - წერს პრეზიდენტი ტრამპი.
Facebook Forum