ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ნავალნის მოწამვლას არ აღიარებს და სანქციების საფუძველს ვერ ხედავს


მას შემდეგ რაც გერმანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს და კრემლისგან პასუხი მოითხოვა, რუსეთმა ნავალნის მოწამვლაში კავშირი უარყო და თქვა, რომ კრემლს არანაირი კავშირი არ აქვს ნავალნის მოწამვლასთან და ეკონომიკური სანქციების საფუძველი არ არსებობს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ევროპა უნდა მოერიდოს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებას. მან კიდევ ერთხელ უარყო კრემლის კავშირი ნავალნის მოწამვლის საქმეში.

"არ არსებობს რაიმე საფუძველი რომ რუსეთი დაადანაშაულონ ამ საქმეში. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ ბრალდებებს,"- თქვა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის გაღიზიანება განსაკუთრებით მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დღეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, განცხადება გააკეთა და ნავალნის მოწამვლის საქმეში რუსეთის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. აქვე მერკელმა თქვა, რომ ნავალნი საბჭოთა სტილის საწამლავით მოწამლეს.

მეტიც, გერმანია გეგმავს პარტნიორებთან კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება უპასუხონ რუსეთის ქმედებებს. ანგელა მერკელი დიდი ზეწოლის ქვეშ არის, რადგან გერმანიაში როგორც მისი პარტიის წევრები, ასევე მისი ოპონენტები ითხოვენ გადაიხედოს "ნორდ სტრომ 2"-ის მშენებლობის დასრულების საკითხი. ნავალნის მოწამვლის საქმე და გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები შეიძლება იმის მიზეზი გახდეს, რომ მილსადენის მშენებლობა შეჩერდეს.

კრემლში ამბობენ, რომ ეს გერმანიის მხრიდან ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG