დემოკრატთა ეროვნული კონვენცია ორშაბათს, გვიან საღამოს გაიხსნა. რამდენიმე ცნობილ სახელსთან ერთად, ყურადღების ცენტრში ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა იყო, ამერიკის 44-ე პრეზიდენტის მეუღლე. მიშელის თქმით, ჯო ბაიდენი, დემოკრატთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, ქვეყნის უნარიანი ლიდერია, რომელიც რიგითი ადამიანების მიმართ თანაგრძნობით გამოირჩევა და ამავე დროს არის "მტკიცე და ღირსეული" პიროვნება.
მიშელ ობამამ მწვავედ გააკრიტიკა რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვა, რომ მას არ აქვს უნარი სხვათა გრძნობები და გამოცდილებები გაიაზროს და გაითავისოს. თანაგრძნობის არქონის გარდა, მიშელის თქმით, ტრამპმა ვერ შეძლო პანდემიაზე ადეკვატური რეაგირება და ზურგი აქცია საერთაშორისო ალიანსებს, რომელსაც წინა ადმინისტრაციები აშენებდნენ.
"ნება მომეცით ვიყო მაქსიმალურად გულწრფელი და გარკვევით ვთქვა... დონალდ ტრამპი არასწორი პრეზიდენტია ჩვენი ქვეყნისთვის. მას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა იმის დასამტკიცებლად, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულება შეუძლია, თუმცა ეს აშკარად აღემატება მის გონებრივ შესაძლებლობებს" - განაცხადა მიშელ ობამამ. "მას ელემენტარულად არ შეუძლია იყოს ის, ვინც ჩვენ გვჭირდება" - თქვა ყოფილმა პირველმა ლედიმ.
დემოკრატთა კონვენციის დაწყებამდე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინესოტის შტატში გაემგზავრა. მინეაპოლისის სენტ-პოლის აეროპორტში შეჩერებისას, მას ჟურნალისტებმა დემოკრატთა ეროვნული კონვენციის დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს. პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ ვიდეოჩანაწერებით სიტყვით გამოსვლისას, კონვენცია კარგავს საზეიმო განწყობას და აღარ არის "ისე ძალიან აღმაფრთოვანებელი".
პანდემიის გამო, დემოკრატიულმა პარტიამ კონვენციის ჩატარება მთლიანად ონლაინ გადაწყვიტა. ოთხდღიანი ღონისძიების კულმინაცია საპრეზიდენტო ნომინაციაზე - ჯო ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა იქნება. ამის შემდეგ ისინი ამერიკელ ამომრჩევლებს სანომინაციო სიტყვით საზეიმოდ მიმართავენ.
ნაწილობრივ ონლაინ გაიმართება რესპუბლიკელების ეროვნული კონვენციაც, რომელიც 24-27 აგვისტოს იგეგმება. ქ. შარლოტში დამსწრეთა მინიმალური რაოდენობა შეიკრიბება, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი საზეიმო სანომინაციო სიტყვით კონვენციას თეთრი სახლიდან მიმართავს.
Facebook Forum