ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტები მოუწოდებენ ბელორუსის მთავრობას გაათავისუფლოს დაკავებული ბლოგერი


"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" მოუწოდებს ბელორუსს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ბლოგერი, რომელიც ერთი კვირის წინ დააკავეს და დანარჩენ ჟურნალისტებს მისცეს საშუალება "თავისუფალ და უსაფრთხო" გარემოში გააშუქონ არჩევნები.

ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის კოორდინატორი ამბობს, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს "სურს არჩევნებს ლეგიტიმურობის გვირგვინი დაადგას, თუმცა ჟურნალისტების შეურაცხყოფითა და მათი დაკავებით, რომლებიც ცდილობენ, რომ ოპოზიციური პარტიებიც გააშუქონ, ის საპირისპიროს აკეთებს".

31 ივლისს ბელორუსის პოლიციამ დააკავა 5 ჟურნალისტი, რომლებიც ბესლატში, ადგილობრივ დამოუკიდებელ მაუწყებელში მუშაობდნენ. ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც პირდაპირ ეთერში ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერების აქციას გადასცემდნენ.

ტიხანოვსკაიას მხარდამჭერები დედაქალაქ მინსკისა და სხვა რამდენიმე ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ პირობა დადო, რომ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს. მან ახალი არჩევნების მოთხოვნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისში მისი ქმარი დააპატიმრეს, სერგეი ტიხანოვსკი ოპოზიციონერი ბლოგერი და პოლიტიკოსია. ის პოლიციასთან დაპირისპირების ბრალდებითაა დაკავებული, თუმცა, თავად ამას პროვოკაციად აფასებს.

თუმცა, ქვეყანაში მხოლოდ ჟურნალისტებს არ იჭერენ. ბელორუსის პოლიციამ, 31 ივლისს მექანიკოსი ევგენი ვასილკოვი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ბრალად ედება საგზაო ნიშნებზე ლუკაშენკოს კრიტიკოსების მოფიქრებული სლოგანების დაწერა.

ვასილკოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის ოპოზიციის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

მოსამართლემ მას 10-დღიანი პატიმრობა პოლიციასთან დაუმორჩილებლობისთვის მიუსაჯა. ბრალდება ამბობს, რომ მამაკაცმა პოლიციას პირადობის დამამატკიცებელი საბუთი არ აჩვენა.

ლუკაშენკო პრეზიდენტობისთვის უკვე მეექვსედ იბრძვის. თუმცა, მისი კამპანია წელს ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მისი ოპონენტები ლუკაშენკოს ავტოკრატიულ მმართველობასა და კორონავირუსის გამო შემქნილ ეკონომიკურ პრობლემებს აპროტესტებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG