ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მხრიდან ვაქცინის შექმნაში პირველობისთვის შეჯიბრი დასავლეთში ნდობას არ იწვევს


ვაქცინის გამოცდაში მონაწილე მოხალისეები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფოტო
ვაქცინის გამოცდაში მონაწილე მოხალისეები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფოტო

მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მალე პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც კოვიდ-19-ის ვაქცინას დაამტკიცებს და მასობრივ ვაქცინაციას უკვე ოქტომბერში დაიწყებს. ამისთვის, კრემლი ისეთი ექსპერიმენტული ვაქცინის გამოყენებას გეგმავს, რომელიც ჯერ კიდევ კლინიკურ გამოცდას გადის.

მსოფლიოს მეცნიერებს პირველობისთვის ამგვარი შეჯიბრი აშფოთებთ. ისინი შიშობენ, რომ ზედმეტმა სისწრაფემ შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს. მითუმეტეს, რომ რუსეთი ამ საკითხს პროპაგანდისთვის იყენებს და მოსახლეობას ცივი ომის პერიოდში კოსმოსში პირველობის მსგავსად, სხვა ქვეყნებზე გამარჯვებად აწოდებს.

ჯერ ორი თვეც არ გასულა, რაც რუსეთმა ექსპერიმენტული ვაქცინის კლინიკური გამოცდა ადამიანების მცირე ჯგუფზე დაიწყო. ჯერჯერობით არც სამეცნიერო პუბლიკაცია არსებობს, რომელიც ვაქცინის განვითარებაში რუსეთის როლს რაიმენაირად გაამყარებდა და ექსპერიმენტული ვაქცინის ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე მიანიშნებდა.

"მაშფოთებს ის, რომ რუსეთი ძალიან ჩქარობს და ვაქცინა, რომლის გამოშვებასაც ის გეგმავს, შეიძლება არამარტო არაეფექტური გამოდგეს, არამედ სახიფათოც" - ამბობს ლორენს გოსტინი, გლობალური ჯანდაცვის ექსპერტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, "პროცესი ასე არ მუშაობს... ჯერ კლინიკური გამოცდა უნდა იყოს. ეს რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია".

კირილ დმიტრიევი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, რომელიც სათავეში უდგას ვაქცინის გამოშვებას, ამბობს, რომ ვაქცინა სულ რამდენიმე დღეში დამტკიცდება. ის მოსკოვის გამალეას სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტშია დამზადებული. დმიტრიევი თავის განცხადებებში ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზასაც ახსენებს, რომელიც წესით, არამარტო ათაოსობით ადამიანის ჩართულობას უნდა უზრუნველყოფდეს, არამედ - საკმარის დროს მათზე დაკვირვებისთვის.

ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო აცხადებს, რომ ჯანდაცვის მუშაკებს, როგორც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებს, ვაქცინაციას უკვე აგვისტოში შესთავაზებენ. პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტატიანა გოლიკოვა კი პირობას იძლევა, რომ ვაქცინის "ინდუსტრიული წარმოება" სექტემბერში დაიწყება და მასობრივი ვაქცინაცია კი სტარტს უკვე ოქტომბერში აიღებს.

ექიმი ენტონი ფაუჩი, შეერთებული შტატების წამყვანი ინფექციონისტი ასეთ ვადებში ვაქცინის გამოშვებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. "იმედი მაქვს ჩინეთი და რუსეთი ჯერ გამოცდის ვაქცინას, ვიდრე ვინმეს აცრის, რადგან ვაქცინის უკვე გამზადება და გაყიდვა მის კლინიკურ გამოცდამდე, სულ ცოტა პრობლემურად მეჩვენება" - განაცხადა შეერთებული შტატების ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

რუსული ვაქცინის ეფექტურობას და უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კიდევ ერთი ფაქტი. გასულ თვეში რამდენიმე ქვეყანამ, ბრიტანეთმა, კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალი დასდეს მოსკოვს იმაში, რომ რუსი ჰაკერები დასავლეთის ლაბორატორიებს ესხმიან თავს და ვაქცინის კვლევების მონაცემების მოპარვას ცდილობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG