ბეირუთში ძლიერი აფეთქების შემდეგ, მაშველები ნანგრევებიდან გადარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. ამ დროისთვის ცნობილი ინფორმაციით, აფეთქებას, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 4000.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო დიდია. ინციდენტი, პორტში ფეთქებადი მასალების საწყობში მოხდა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან მეზობელ კვიპროსის კუნძულზე, რომელიც 160 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ფანჯრები შეარყია.
პრეზიდენტმა მიშელ აუნმა განაცხადა, რომ საწყობში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რომელიც სასუქად და ბომბების დასამზადებლად გამოიყენება. საწყობში, რომელშიც უსაფრთხოების ზომები დაცული არაა, ნიტრატი ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა.
მან განაცხადა, რომ მთავრობა „რაც შეიძლება მალე გამოიძიებს და გამოავლენს რაც მოხდა, რათა პასუხისმგებელი და დაუდევარი პირები დაისაჯონ“.
ოფიციალურმა პირმა, რომელიც წინასწარ გამოძიებაშია ჩართული თქვა, რომ ინციდენტი „უმოქმედებას და დაუდევრობას“ უკავშირდება და განაცხადა, რომ კომიტეტებმა და მოსამართლეებმა არაფერი გააკეთეს, რათა საფრთხის შემცველი მასალა ამ ადგილიდან გადაეტანათ.
გარდაცვლილთაგან ბევრი პორტის და საბაჟოს თანამშრომელია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტალღამ ადამიანები ზღვაში მოისროლა. სამძებრო სამუშაოები ზღვაშიც მიმდინარეობს. დაკარგულთა ახლობლები ინფორმაციის მისაღებად ბეირუთის პორტში შეიკრიბნენ.
აფეთქების შემდეგ, საავადმყოფოები დაშავებულთა რაოდენობას ვერ აუდიოდნენ. საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ დერეფნები და ლიფტები სისხლით იყო დაფარული.
ცენტრალურ ბეირუთში, აფეთქებამ ფასადები ჩამოანგრია, ავეჯი ქუჩაში მოისროლა და პორტთან ახლოს მანქანები გადააყირავა. გზები კი შუშის ნამსხვრევებმა გაავსო.
პოლიტიკური კრიზისი
ბევრი ლიბანში ბრალს პოლიტიკურ ელიტას დებს. ქვეყნისთვის, რომელიც ფინანსურ კრიზისშია ჩაძირული და პარალელურად ახალი კორონავირუსის პანდემიას უმკლავდება, ეს დიდი დარტყმაა.
„ეს ბეირუთისთვის სასიკვდილო დარტყმაა. ჩვენ კატასტროფის ზონა ვართ. ჩემი შენობა შეირყა, ვიფიქრე მიწისძვრა იყო“, - ამბობს ბილალი, ბეირუთში მცხოვრები 60 წლის მამაკაცი.
სხვების მსაგავსად, ბრალს ისიც მთავრობას სდებს.
„ვინ შეძლებს საყვარელი ადამიანების დაკარგვის ანაზღაურებას“, - თქვა მან და პოლიტიკოსებს, ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისამდე მიყვანისთვის, „ქურდები და მძარცველები“ უწოდა.
„ეს აფეთქება ლიბანის კოლაფსს ბეჭედს ასვამს. მე ამას მმართველ კლასს ვაბრალებ“, - ამბობს 32 წლის ჰასან ზაიტატრი, სასტუმროს მენეჯერი ბეირუთში.
ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით არ განუმარტავთ, თუ რამ განაპირობა თავდაპირველად, აფეთქებამდე, საწყობის აალება. უშიშროების სამსახურების თანამშრომელი და მედია აცხადებს, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი, საწყობში შედუღების სამუშაოები გახდა.
პორტის უბანი მთლიანად განადგურდა. პორტი, ექვსმილიონიანი ქვეყნისთვის, იმპორტის ერთ-ერთი მთავარი გზაა.
შეერთებული შტატების საელჩომ გაფრთხილება გამოსცა, აფეთქების შემდგომი მომწამვლელი გაზების გავრცელების გამო.
აფეთქება სამი დღით უსწრებს, გაეროს ლიბანის ტრიბუნალის გადაწვეტილებას ირანის მიერ მხარდაჭერილი, შიიტი დაჯგუფების ჰეზბოლას ოთხი წევრის გარშემო განაჩენს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან 2005 წლის აფეთქებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი რაფიკ ალ-ჰარირი და 21 სხვა ადამიანი ემსხვერპლა.
Facebook Forum