ოფიციალური პირები და ექსპერტები ამბობენ, რომ თურქეთის დაზვერვის ოპერაცია ლტოლვილთა ბანაკებში, სადაც ათასობით იძულებით ადგილნაცვალი პირი, მათ შორის ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების ოჯახები იმყოფება, უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას ქმნის, რასაც შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი სირიული ძალებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.
თურქული მედია იუწყება, რომ ივლისში, თურქეთის დაზვერვის აგენტებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ალ-ჰოლის ბანაკში შეაღწიეს, რათა მოლდოველი ქალი და მისი ოთხი შვილი მალულად გამოეყვანათ.
გაქცევის ფაქტი სირიის დემოკრატიული ძალების ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს.
ალ-ჰოლში ტერორისტულ ჯგუფ “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ათასობით ქალი და ბავშვი იმყოფება. შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალები ალ-ჰოლის უსაფრთხოების უზრუნველყოფს და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში რამდენიმე ციხეს მართავს, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” დაახლოებით 10 ათასი მებრძოლი, მათ შორის 2 ათასი უცხოელი იმყოფება.
კონტრაბანდისტთა ქსელები
სირიის დემოკრატიული ძალების მაღალი თანამდებობის პირმა, რომელმაც მისი ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, თქვა რომ 2019 წლის მარტში, ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს ხალიფატის”დამარცხების შემდეგ, ამ ჯგუფთან დაკავშირებული ბევრი ქალი ბანაკიდან გააპარეს. ზოგიერთი მათგანი თურქეთში გადაიყვანეს და ზოგი კი ამბოხებულების კონტროლირებად ტერიტორიებზე, როგორიცაა სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე იდლიბი. “ამერიკის ხმას” მან უთხრა: “არსებობს კონტრაბანდისტთა ქსელები, რომლებიც ალ-ჰოლიდან “დაეშის” ქალების გასაპარებლად აქტიურად მოქმედებენ”. ე.წ. “ისლამური სახელწიფოს დასახასიათებლად მან არაბული აკრონიმი “დაეში” გამოიყენა.
მან ასევე თქვა: “ეს კარგად კოორდინირებული ტრანს-ნაციონალური ქსელებია, რომელიც ხშირად ბანაკის მცველებს ქრთამს უხდის” რათა ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ქალები და ბავშვები გააპაროს.
ივლისის ბოლოს, გაეროს უშიშროების საბჭომ გამოსცა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია: “იუწყებიან, რომ კორუმპირებული მცველების და კონტრაბანდისტების დახმარებით, ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ქალები, ბანაკიდან თურქეთის მიმართულებით უწყვეტ ნაკადად გარბოდნენ.”
ახლო აღმოსავლეთის შესწავლის და ანალიზის ცენტრის დირექტორმა სეთ ფრანცმანმა თქვა: თურქული ოპერაცია “აჩვენებს არა მხოლოდ მას, რომ ბანაკი სრულად უსაფრთხო არ არის. როგორც ჩანს, თურქეთი სხვა სახის ოპერაციებშიც არის ჩართული, რომ მალულად გადაიყვანოს ხალხი, რომელიც პოტენციურად ექსტრემისტებთანაა დაკავშირებული,თუ თავად არ არიან ექსტრემისტები”.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი ვერა მირონოვა ბანაკში მყოფ ბევრ ქალთან კონტაქტზე იმყოფებოდა.
“ამერიკის ხმას” მან უთხრა: “არის კონკრეტული გზები (ქალების გასაპარებლად). გასულ თვეში გაპარვის ოთხი გზა იყო და უმეტესობა იდლიბისკენ მიდიოდა.”
მოლდოვური საქმე
ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, რომ მოლდაველი ქალის და მისი ოთხი შვილის რეპატრიაციის შესახებ, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ამ პატარა ქვეყნის პრო-სამთავრობო მედია იუწყებოდა.
მოლდოვური და თურქული მედიის თანახმად, ქალი სახელად ნატალია ბარკალ, თავის ოთხ შვილთან ერთად ალ-ჰოლში 2019 წლის იანვრიდან ცხოვრობდა.
ფრანცმანმა თქვა, რომ მოლდოველი ქალის სირიიდან გაპარებაში თურქულ-მოლდოვური თანამშრომლობა “ნაკლებად ლოგიკურია”.
მან თქვა: “ნათელი არ არის, თუ თურქეთს და მოლდოვას მისი რეპატრიაცია ფარული სადაზვერვო ქსელის მეშვეობით რატომ უნდა მოეხდინათ, როდესაც მოლდოვას უბრალოდ შეეძლო დაკავშირებოდა საერთაშორისო კოალიციას და შემდეგ, აღმოსავლეთ სირიაში სირიის დემოკრატიული ძალების ავტონომიურ რეგიონს”.
თვითონ სირიის დემოკრატიული ძალებიც ვერ გაერკვა, თურქეთს ასეთი ოპერაციის გასაჯაროება რატომ უნდა მოეხდინა.
სირიის დემოკრატიული ძალების ოფიციალურმა პირმა თქვა: თურქეთმა “მსგავსი ოპერაციები წარსულში ჩუმად ჩაატარა, მაგრამ ახლა რატომ უნდა გაასაჯარო, როდესაც ნათელია, რომ ამას თურქეთის მთავრობისთვის პოლიტიკური ზიანის მიყენება შეუძლია?”
თურქეთის და მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროები, კომენტარის გაკეთების თაობაზე “ამერიკის ხმის” თხოვნას არ გამოეპასუხნენ.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ მის მთავრობას მიმართავს ბევრი ქვეყანა, რომელსაც კონფლიქტის ზონებში დაკავებული საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაციის საქმეში თურქეთის დახმარების მიღება სურს.
ცოტა ხნის წინ, სტამბოლში, დაზვერვის ეროვნული ორგანიზაციის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე მან თქვა: “იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც საკუთარი გატაცებული მოქალაქეების დაბრუნებაში დახმარებას გვთხოვენ, ზრდას განაგრძობს. იტალიის მოქალაქის დაბრუნებამ, რომელიც სომალიში ტერორისტებისგან დავიხსენით, კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენი ქვეყნის ძალა და მისი პრესტიჟი გააძლიერა”.
მოლდოვურ საქმეში, ექსპერტების აზრით, ბარკალის და მისი შვილების რეპატრიაცია, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მოლდოვის მმართველი სოციალისტური პარტიის პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოადგინეს.
ბალკანეთის საგამოძიებო ჟურნალისტური ქსელის მოლდოველმა ჟურნალისტმა მადალინ ნესკუტუმ თქვა: “მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონს სურდა ეს წარმატება საკუთარ წარმატებად, საკუთარ პოლიტიკურ წარმატებად ექცია”.
მან “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ თურქეთის სირიული ოპერაცია შესაძლოა იყოს სამაგიერო იმ დახმარებისთვის, რომელიც დოდონის მთავრობამ თურქეთს გაუწია, როდესაც 2018 წელს, თურქეთის მიერ უკანონოდ გამოცხადებული გულენის მოძრაობის 7 წევრის მოლდოვიდან თურქეთში ექსტრადირება მოახდინა.
ნესკუტუმ ასევე თქვა: “თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა ისინი მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი ოპერაციის დროს დააკავა და ახლა თურქეთის ციხეში იმყოფებიან.”
კოალიციის ჯარები
შეერთებული შტატების სამხედრო ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კოალიციის ძალებმა სირიის დემოკრატიულ ძალებს მხარი დაუჭირეს ალ-ჰოლის ბანაკის და სხვა ობიექტების დაცვაში, სადაც ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები იმყოფებიან.
შეერთებული შტატების ლიდერობით ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის პრეს-მდივანმა, პოლკოვნიკმა მაილს კეგინსმა განაცხადა: “ამ ბანაკებში კოალიციის ძალები, კოალიციის რომელიმე ქვეყნის სამხედროები არ არის.
“ამერიკის ხმას” მან უთხრა: “სირიის დემოკრატიული ძალები... პროფესიული და საკმარისად უნარიანია, რომ ასეთ ოპერაციებს გაუძღვეს, მაგრამ გამოსავალი უნდა მოიძებნოს და გლობალური კოალიცია ათვითცნობიერებს, რომ ეს საერთაშორისო პრობლემაა და უცხოელი მებრძოლების შესახებ გადაწყვეტილება ყოველმა ქვეყანამ უნდა მიიღოს”.
ბოლო თვეებში, ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” პატიმრებმა, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ქალაქ ჰასაკაში მდებარე ციხიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადეს.
სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, ქვეყნებს დაკავებული საკუთარი მოქალაქეების უკან წაყვანა სთხოვეს და გააფრთხილეს, რომ არ აქვთ იმის რესურსები, რომ ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” პატიმრები და მათი ოჯახები განუსაზღვრელი ვადით გააჩერონ.
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, სირიიდან ზოგიერთი საკუთარი მოქალაქის რეპატრიაცია მოახდინა.
სირიელმა მკვლევარმა სადრედინ კინომ “ამერიკის ხმას” უთხრა: “ამ საკვანძო დოსიეზე გადამჭრელი ზომების მისაღებად საერთაშორისო ნების არქონა სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა მომავალში, ბანაკებში და ციხეებში უსაფრთხოების მეტი პრობლემების მოწმე გავხდეთ”.
Facebook Forum