კონგრესის წამყვან დემოკრატებს და თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დღეს განახლდება მსჯელობა ეკონომიკის სტიმულირების მორიგი პაკეტის შესახებ. ის პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩენილი მილიონობით ამერიკელის დახმარებასაც მოიცავს.
კონგრესის ორ პალატას შორის შეთანხმებას რიგითი ამერიკელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმე იმაშია, რომ ივლისის ბოლოს ამოიწურა ფედერალური რეგულაცია, რომელიც უმუშევრებს კვირაში 600 დოლარით ეხმარებოდა.
კონგრესში დემოკრატებთან შეხვედრა და დისკუსია კვირასაც გაიმართა. მას ესწრებოდნენ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი, სენატის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი ჩაკ შუმერი, ხაზინის მდივანი სტივენ მნუჩინი და თეთრი სახლის აპარატის უფროსი მარკ მედოუსი.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და კონგრესის წამყვან დემოკრატებს შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა. დემოკრატებს უმუშევრობის ფედერალური დახმარების 2020 წლის ბოლომდე გახანგრძლივება სურთ, რასაც თეთრი სახლი არ თანხმდება.
რესპუბლიკელები უმუშევრობის დახმარების შემცირებას თავიდან კვირაში 600-დან 200 დოლარამდე ითხოვდნენ. მოგვიანებით კი იყო საუბარი დახმარების უმუშევრობამდე არსებული ხელფასის 70%-ით განსაზღვრაზეც.
მხარეები მრავალპროფილიანი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის მთლიან მოცულობაზეც ვერ თანხმდებიან. დემოკრატების ინიციატივა მეორე ტრანშში 3 ტრილიონის ოდენობის ხარჯვით ნაწილს ითვალისწინებს. რესპუბლიკელებს კი დახმარების ლიმიტირება და მისი ტრილიონ დოლარზე დაყვანა აქვთ გეგმაში.
Facebook Forum