ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი კორონავირუსთან დაკავშირებულ ბრიფინგებს აღადგენს


ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, თეთრი სახლი კორონავირუსთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ბრიფინგებს აღადგენს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზად ზოგიერთი ანალიტიკოსი მისი რეიტინგების კლებას მიიჩნევს, რის შემდეგაც მრჩეველებმა მას საზოგადოებასთან მეტი, პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენა ურჩიეს იმის თაობაზე, თუ როგორ უმკლავდება ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიას.

"ვფიქრობ, ესაა მშვენიერი გზა იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ", - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ორშაბათს ოვალურ კაბინეტში. მისი თქმით, ბრიფინგებზე, რომლებიც დიდი ალბათობით სამშაბათიდან აღდგება, ის პანდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო პროგრესზე ისაუბრებს, მათ შორის ვაქცინებსა და სამკურნალო პრეპარატებზე.

თეთრი სახლის პრეს-მდივანი კაილი მაკენანი ამბობს, რომ ეს ბრიფინგები ამერიკელ ხალხს შეატყობინებს იმის შესახებ, რომ ახლა ქვეყანა იმ ეტაპზეა, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდება ტესტირება და იზრდება დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა. თუმცა ამავე დროს, პაციენტებს გაცილებით უკეთ მკურნალობენ, რადგან სამკურნალო პრეპარატები გაუმჯობესდა, განვითარდა.

ჯერჯერობით უცნობია, პრეზიდენტი ტრამპი თავად უპასუხებს ჟურნალისტების შეკითხვებს თუ ამ პასუხისმგებლობას ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან, ექიმ ფაუჩისა და დებორა ბირქსთან გაიზიარებს. თითქმის ყოველდღიური ბრიფინგები, რომლებსაც თეთრი სახლი პანდემიის დასაწყისიდან მართავდა, აპრილის ბოლოდან შეწყდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG