ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი პირბადის ტარებას ემხრობა, თუმცა არ გეგმავს ის სავალდებულო გახადოს


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ემხრობა პირბადის ტარებას, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. თუმცა ასევე დასძნა, რომ არ გეგმავს ეროვნულ დონეზე ამ მოთხოვნის დაწესებას.

„მე პირბადეების მჯერა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუს“-სთან ინტერვიუში. „ვფიქრობ პირბადეები კარგია“.

თუმცა ტრამპმა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან პირბადით პირველად ერთი კვირის წინ გამოჩნდა, წამყვან კრის უალასს განუცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ თუ ყველა პირბადეს მოიხმარს ეს პრობლემას გადაწყვეტს.

„არ ვეთანხმები მტკიცებას, რომ თუ ყველა პირბადეს ატარებს, ყველაფერი გაქრება“, - თქვა მან.

პრეზიდენტი ამბობს, რომ პირბადის ტარება ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

იმ რამდენიმე შტატის გუბერნატორებმა, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დრამატულად იზრდება, საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახადეს.

„მე მინდა ხალხს ქონდეს გარკვეული თავისუფლებები და არ მჯერა [რომ პირბადეები სავალდებულო უნდა იყოს]“, - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექსპერტები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ პირბადის ტარება არ იყო საჭირო. ხოლო მოგვიანებით ეს განცხადება შეცვალეს.

შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად 70,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ინფიცირებულთა უმეტესობა ახალგაზრდაა და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან.

„მათ უბრალოდ სურდო აქვთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის მიერ პრობლემის მასშტაბის დაკნინების მიუხედავად, რამდენიმე შტატში ვითარება რთულია. ამერიკის სამხრეთში მდებარე ფლორიდის შტატი აცხადებს, რომ 45 საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის პალატები უკვე შევსებულია და პანდემიის მზარდი მასშტაბები ამერიკის რამდენიმე შტატის ჯანდაცვის სისტემებს განსაკუთრებული სიმძიმით დააწვა.

ამ დრომდე, კორონავირუსით 140,000-ზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა. ქვეყანაში ამ დროისთვის 3.7. მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG