ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამიერიდან ჰონგ-კონგს მოეპყრობიან ისე, როგორც ჩინეთის სხვა ტერიტორიებს - პრესკონფერენცია თეთრ სახლში


სამშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის აღზევება ამერიკას კარგს არაფერს უქადის. თეთრი სახლის ვარდების ბაღში დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია მას შემდეგ გამართა, რაც ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ავტონომიის აქტს და საპრეზიდენტო განკარგულებას ჰონგ-კონგთან გამორჩეული სავაჭრო შეთანხმების დასრულების შესახებ.

"ამიერიდან ჰონგ-კონგს მოეპყრობიან ისე, როგორც ჩინეთის სხვა ტერიტორიებს" - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ახალი აქტი სანქციებს უწესებს ჩინეთის მოქალაქეებს, რომელთა ქმედების შედეგადაც, ჰონგ-კონგს ავტონომია ჩამოერთვა. ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ის ჩინელ კოლეგას, ტრამპმა უპასუხა, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბარი მის გეგმებში არ შედის.

პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ძირითადი დრო საკუთარ საარჩევნო კამპანიას და სავარაუდო დემოკრატი ოპონენტის კრიტიკას დაუთმო. ტრამპმა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დააბრალა ჩინეთთან ურთიერთობის ამ სახით ჩამოყალიბება და ბევრი სხვა რამ, მათ შორის - ამერიკის ინფრასტრუქტურის მოუვლელობაც კი.

"დონალდ ტრამპი დაკავებულია საკუთარი საცოდავი ისტორიის ხელახლა გადაწერით" - განაცხადა პასუხად ბაიდენის კამპანიამ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მცდელობების მიუხედავად, პრეზიდენტი ვერ დაემალება იმ სისუსტეებს, რაც მისი მმართველობის წლებს ახლდა თან.

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მცირე დრო პანდემიაზე საუბარსაც დაუთმო. მან მომხდარში კვლავ ჩინეთი დაადანაშაულა და თქვა, რომ პანდემიის არასწორი მართვისთვის და მისი შეუკავებლობისთვის ჩინეთს პასუხი აუცილებლად მოეთხოვება. "არაფერი შეგეშალოთ, ჩინეთს მთელი პასუხიხმგებლობით მოვკითხავთ იმას, რომ ვირუსი არ შეაჩერეს და ის მთელ მსოფლიოში გამოუშვეს" - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის სხვა ოფიციალურ პირებსაც დაუწესოს დამატებითი სანქციები. "გამორიცხული არაფერია" - თქვა დევიდ სტილუელმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღმოსავლეთ აზიასთან ურთიერთობის საკთხებში, პრეზიდენტის პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG