ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის გლობალური მაუწყებლის ხელმძღვანელი სენატორებთან საკუთრ გადაწყვეტილებებს იცავს


"ამერიკის ხმის" მთავარი ოფისის ფასადი ვაშინგტონში
"ამერიკის ხმის" მთავარი ოფისის ფასადი ვაშინგტონში

მას შემდეგ, რაც სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა, მანამდე კი კონგრესმენებმა შეშფოთება გამოხატეს შეერთებული შტატების გლობალური მედია სააგენტოს (USAGM) ახალი ხელმძღვანელის საკადრო და საბიუჯეტო გადაწყვეტილებების გამო, მაიკლ პეკმა, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საკუთარი ნაბიჯი განმარტა. პეკი აცხადებს, რომ სააგენტოს მართვაში არსებული პრობლემების "მკვეთრი და შინაარსიანი" მეთოდებით მოგვარების ერთგულია.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ნომინირების შემდეგ, მაიკლ პეკი გლობალური სააგენტოს მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის პოსტზე კონგრესმა 10 ივნისს დაამტკიცა. თანამდებობის დაკავებისთანავე, მან სააგენტოში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები გაათავისუფლა. სენატორებმა პეკის ქმედება გააკრიტიკეს, რადგან მან დრამატული ნაბიჯები კონგრესთან კონსულტაციის და შეთანხმების გარეშე გადადგა და თქვეს, რომ ეს "სერიოზულ კითხვებს აჩენს".

ფედერალური სააგენტო 5 მაუწყებელს ზედამხედველობს: "ამერიკის ხმა" (VOA), "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება"(RFE/RL), "კუბის მაუწყებლობის ოფისი" (OCB), "რადიო თავისუფალი აზია" (RFA) და "ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი" (MBN).

პასუხად, მაიკლ პეკი ამბობს, რომ მას "მკვეთრი და შინაარსიანი ცვლილებების" განხორციელება პრეზიდენტმა, ამერიკელმა ხალხმა და სენატმა დაავალა. "რა თქმა უნდა, [პოსტზე] დამტკიცების პროცესში, თანამდებობის დაკავების შემდგომი კვირების მანძილზე, მე გარკვევით განვაცხადე მართვაში არსებული, ფართოდ ცნობილი პრობლემების გამოსწორების მიმართ მტკიცე ერთგულების შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების გლობალურ სააგენტოში და მის უწყებებში იყო გამეფებული" - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ამასთან, მაიკლ პეკი იმასაც ხაზს უსვამს, რომ მან დამტკიცების პროცესში, სააგენტოში მომუშავე ჟურნალისტების დაცვის პირობა დადო. "მე ამ პირობის ერთგული ვრჩები... ასევე მსურს, რომ გავიმეორო ჩემი მტკიცე ერთგულება, პატივი ვცე ამერიკის ხმის ქარტიას და ხელი შევუწყო შეერთებული შტატების გლობალური მედია სააგენტოს მაუწყებლობების მისიას და გმირ ჟურნალისტებს მსოფლიოს გარშემო" - აცხადებს მაიკლ პეკი.

სენატორების შეშფოთებას შეუერთდა წარმომადგენელთა პალატის 11 დემოკრატი წევრიც. "ღრმად ვართ შეშფოთებული კვალიფიცირებული ლიდერების სამსახურიდან დათხოვნით" და "ცნობებით იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების გლობალურმა მედია სააგენტომ გაყინა სახსრები და გრანტები პროგრამებისთვის", რომელიც მიზნად ისახავდა წინ აღდგომოდა ცენზურას და ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯებს ჰონგ-კონგში და სხვაგან - ნათქვამია კანონმდებელთა განცხადებაში.

სენატორები და კონგრესმენები, რომლებიც ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, ფედერალური სააგენტოს ბიუჯეტს ამტკიცებენ, მხოლოდ ორგანიზაციის პერსონალის დათხოვნის და საბიუჯეტო საკითხებით არ არიან შეწუხებულები. ისინი ასევე შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ამ ნაბიჯებით შესაძლოა "სიმართლეზე დაფუძნებული" ჟურნალისტური პროდუქტები და სააგენტოს სარედაქციო დამოუკიდებლობა შეიზღუდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG