ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიებმა უმეტესად ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა


მაშინ როცა პანდემიის გამო სოციალური დისტანციის დაცვა ნორმად რჩება, ამერიკაში დემოკრატთა და რესპუბლიკელთა ორივე საარჩევნო კამპანია უპრეცედენტო რეალობის წინაშე აღმოჩნდა. შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის და დემოკრატი ჯო ბაიდენის, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის საპრეზიდენტო კამპანიები გაზაფხულიდან მოყოლებული, თანდათან უფრო ციფრული ხდება.

ტრადიციული მეთოდები - ამომრჩევლებთან მასობრივი საჯარო შეხვედრები, დებატები მსმენელებით სავსე დარბაზებში და კამპანიის აქტივისტების კარდაკარ სიარული - იშვიათი გამონაკლისის გარდა, უკვე აღარ ხდება.

ცოტა ხნის წინ, დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ კამპანიის მთავარი ღონისძიება, პარტიის ნომინაციის დასახელება ვირტუალურად გაიმართება. ჯერჯერობით რესპუბლიკელებმაც პირისპირ მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო შეხვედრის ჩატარება შეძლეს.

"კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი ერთ ღამეში შეცვალა. ეს უცაბედი და წამიერი ტრანფორმაცია იყო 100%-იანი ვირტუალური კამპანიისკენ, ისევე როგორც პანდემიისგან თითოეული ადამიანის ყოველდღიურობის შეცვლა. ასევე იყო ჩვენი კამპანიებისთვისაც" - ამბობს ერიკ უილსონი, რესპუბლიკელთა ციფრული სტრატეტი და კამპანიის ინოვაციის ცენტრის დირექტორი.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კამპანიების გაციფრულებასთან ერთად, შეიცვალა ამომრჩევლების მიდგომაც პოლიტიკის მიმართ. უმეტესობა პოლიტიკას ახლა გართობას უკავშირებს. მარტში, კარანტინის გამოცხადებასთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიამ სოციალური მედიის ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა "ფეისბუქი" და "იუ-ტუბი", სატელევიზიო სტილის ყოველდღიური თოქშოუები დაიწყო. ცნობილი რესპუბლიკელები და ტრამპის შვილები მისი ან წამყვანები არიან, ან სტუმრები.

სოციალურ მედიაში ბაიდენის კამპანიაც აქტიურობს. ის განსაკუთრებით გაძლიერდა "ინსტაგრამზე", სადაც სოციალური მედიის გავლენიან ე.წ. ინფლუენსერებს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს თუ პოპულარულ პოლიტიკოსებს პირდაპირ ეთერში ესაუბრება.

გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად, კამპანიის სახსრების მოსაზიდად მოწყობილი ვირტუალური საღამო. გასულ კვირას ერთობლივ ღონისძიებაზე ბაიდენის საარჩევნო კამპანიამ 11 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო.

იმ ფონზე, როცა ახალი კორონავირუსის ინფექცია შეერთებულ შტატებში ისევ პროგრესულად მზარდია, ანალიტიკოსები საარჩევნო კამპანიების მიერ ციფრული მედიის კიდევ უფრო მეტად გამოყენებას მოელიან. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ასეთი დრამატული მატება, როგორც გასულ კვირაში დაფიქსირდა, ამერიკაში მარტის შემდეგ არ ყოფილა.

დღეს ფლორიდა, ტეხასი, კალიფორნია და არიზონაა ის შტატები, სადაც შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ფლორიდის გუბერნატორმა სანაპიროების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, ბარებში კი ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალა. მსგავსი შეზღუდვები მიიღეს ტეხასში, არიზონაში და კალიფორნიაში. ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და სხვა ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატებში, სიტუაცია გამოსწორების გზაზეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG