ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელების უმრავლესობა სამართალდამცავი სისტემის ძირეული რეფორმის მომხრეა


შეერთებული შტატების მოქალაქეების უმეტესობა, მათ შორის, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები, სამართალდამცავი სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას უჭერს მხარს. ამაში პოლიციის ოფიცრებისთვის ადამიანის დაკავებისას ზოგიერთი მეთოდის გამოყენების აკრძალვა და რასობრივი უთანასწორობის გამორიცხვა შედის. ამის შესახებ „როიტერისა“ და „იპსოსის“ ერთობლივი კვლევა იუწყება.

ამერიკის მასშტაბით 9-10 ივნისს ჩატარებული გამოკითხვა ამბობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დემოკრატ კანონმდებლებს ეთანხმება პოლიციის რეფორმის მოთხოვნაში.

თეთრი სახლი და რესპუბლიკელი კანონმდებლები საკუთარი ინიციატივით გამოდიან სამართალდამცავი სისტემის შესაცვლელად, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს არ იყოს პოლიციის ფუნდამენტური რეფორმა.

გამოკითხვა ონლაინ ამერიკის მასშტაბით 1,113 ადამიანს ჩაუტარდა. მათ 82 პროცენტს მიაჩნია, რომ პოლიციამ უნდა შეწყვიტოს ადამიანის დაკავების დროს მისთვის ჰაერის მიწოდების შეზღუდვის მიზნით ყელზე ხელის მოჭერა. გამოკითხულთა 92 პროცენტს კი სურს, რომ ფედერალურ პოლიციას სხეულის კამერის ტარება დაევალოს.

გამოკითხულთა 89 პროცენტს მიაჩნია, რომ პოლიციელს უნდა მოეთხოვებოდეს საკუთარი სახელის, საიდენტიფიკაციო ნომრის და გაჩერების მიზეზის დასახელება ადამიანისთვის, რომელსაც პოლიციელი აჩერებს. 91 პროცენტს კი სურს ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება იმის დასადგენად, არის თუ არა პოლიციელის მხრიდან ძალაუფლების გადამეტებისადმი მიდრეკილება.

ამერიკელთაგან 70 პროცენტი მხარს უჭერს იმას, რომ „პოლიციის შეუსაბამო საქციელის მსხვერპლს, საშუალება მიეცეს პოლიციის დეპარტამენტს ზარალის ანაზღაურებისთვის უჩივლოს.“

შეერთებულ შტატებში დემონსტრაციები მესამე კვირაა გრძელდება. მომიტინგეები რასობრივ უთანასწორობას და პოლიციის მხრიდან უმცირესობების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებას აპროტესტებენ. დემონსტრაციები მინეაპოლისში მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრკანიანმა პოლიციელმა ძალა გამოიყენა დაკავებული შავკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ჯორჯ ფლოიდი ინციდენტის დროს გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG