“არ არის პოლიცია, არ არის მშვიდობა“ - ამ მოწოდებით ფრანგმა სამართალდამცავებმა პარიზში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. პარიზის პოლიცია, რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ფონზე, ხელისუფლებას სამართალდამცავი ორგანოების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
სამართალდამცავთა საპროტესტო აქციები, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში გუშინაც გაიმართა, მას შემდეგ, რაც პოლიციელთა შორის არსებულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, სამართალდამცავთა პროფკავშირის წარმომადგენელი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა.
სხვადასხვა ქალაქში, პოლიციელებმა პროტესტის ნიშნად ხელბორკილები მიწაზე დააწყვეს და ავტომობილების ციმციმა განათება ჩართეს.
პოლიციელთა პროფკავშირმა, პრეზიდენტი მაკრონი და საფრანგეთის მთავრობა უპატივცემულობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებში რასიზმის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოაცხადა და ეჭვმიტანილების დაკავებისას, ყელზე დაჭერის მეთოდი აკრძალა.
„ჩვენ გვჭირდება დაცვა, პატივისცემა, მხარდაჭერა. პოლიცია კანონზე მაღლა არასდროს უნდა დადგეს, მაგრამ არც კანონს ქვემოთ უნდა დააყენონ“ - აცხადებს პოლიციელთა ეროვნული ალიანსის ხელმძღვანელი.
Facebook Forum