21 მაისს, პროკრემლისტურმა საიტმა New Front-მა როიტერის დაკვეთით ჩატარებული კვლევა გააშუქა, რომელშიც 4,428 ზრდასრული ადამიანი გამოიკითხა აშშ-ში 13 და 19 მაისს.
რუსულენოვან ვებგვერდზე ეს მასალა გამოქვეყნდა სათაურით „ყოველი მეოთხე ამერიკელი კოვიდ-19-ის ვაქცინის წინააღმდეგია“, რაც არასწორია.
ამ კვლევიდან, News Front-მა ის შედეგები უგულებელყო, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხარდაჭერას აჩვენებდა.
News Front-ის სტატიაში, ვაქცინის მიმართ ინტერესის ნაკლებობა ვაქცინისადმი წინააღმდეგობასთან იქნა გაიგივებული. „იმ დროს, როდესაც ფარმაცევტული კორპორაციები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში პირველობისთვის სრბოლაში არიან ჩაბმული, გაირკვა, რომ ამერიკელების მეოთხედს ეს პრეპარატი არ აინტერესებს,“ წერია სტატიაში.
სინამდვილეში, ასეთი აღწერა რეალური შედეგების გაბუნდოვანებას ემსახურება. როიტერის თანახმად, გამოკითხულთა 14%-მა „თქვა, რომ დაინტერესებული არ იყო აცრის გაკეთებით, ხოლო 10%-მა თქვა, რომ ძალიან დაინტერესებული არ იყო. კიდევ 11% არ იყო დარწმუნებული.“
დაუინტერესებლობა და დაურწმუნებლობა არ ნიშნავს წინააღმდეგობას. კვლევამ აჩვენა, რომ უმრავლესობა ემხრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას და ძალიან ემხრობა იმ ვაქცინებს, რომლებიც ეფექტიანია სხვა დაავადებების შემთხვევაში.
როიტერის გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა ორ-მესამედზე ოდნავ ნაკლები „ძალიან“ ან „გარკვეულწილად“ არის დაინტერესებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ხოლო 84%-ს სჯერა, რომ ისეთი დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები, როგორიცაა წითელა, უსაფრთხოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.
გარდა ამისა, იმ რესპონდენტთა 29%-მა, ვინც „ძალიან არ არის“ დაინტერესებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებით, თქვა, რომ აზრს შეიცვლის, თუ ვაქცინას აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია დაამტკიცებს.
ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც „ძალიან“ ან „გარკვეულწილად“ არიან დაინტერესებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მოსალოდნელზე ნაკლებია.
„მე სადღაც 75%-ს ველოდი,“ უთხრა როიტერს უილიამ შაფნერმა, ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადების და ვაქცინის ექსპერტმა ნეშვილიდან, ტენესის შტატი.
თუმცა, ვაქცინის მიმართ მოსალოდნელზე დაბალ ინტერესს ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ტროპიკული მედიცინის ეროვნული სკოლის დეკანი პიტერ ჰოტეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის და ხელისუფლების არათანმიმდევრული მესიჯების ერთობლიობით ხსნის.
„არ არის გასაკვირი, რომ ამერიკელების მნიშვნელოვანი რაოდენობა არ აპირებს აცრის გაკეთებას; ამის მიზეზებია არასწორი გზავნილები, რომლებსაც მოსახლეობას ვაწვდიდით, ვაქცინის შესახებ კომუნიკაციის გეგმის არარსებობა და ძალიან აგრესიული ანტივაქცინაციის მოძრაობა,“ უთხრა როიტერს ჰოტეზმა, რომელიც ამჟამად ვაქცინაზე მუშაობს.
News Front-ის სტატიაში არასწორად ისიც არის ნათქვამი, რომ საჭიროა ამერიკელების სულ ცოტა 70%-ის ვაქცინაცია, რომ გამომუშავდეს ვირუსის მიმართ რეზისტენტულობა და შეჩერდეს ვირუსის გავრცელება.
სინამდვილეში კი, როგორც როიტერი გვატყობინებს, ექსპერტების გათვლით საჭიროა, რომ ამერიკელების 70% „გახდეს იმუნური ვაქცინაციის ან ინფექციის გადატანის გზით,“ რათა მიღწეული იქნეს ეგრეთ წოდებული „ჯოგური იმუნიტეტი“, ანუ მდგომარეობა, როდესაც მოსახლეობა რეზისტენტული იქნება ვირუსის მიმართ.
News Front პროკრემლისტური მედიასაშუალებაა, რომელიც შეთქმულების თეორიების, მათ შორის კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაშია შემჩნეული. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფაქტების გადამოწმების საიტმა EUvsDisInfo-მ არაერთხელ გამოავლინა News Front-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების სიყალბე, რომლებითაც ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ კოვიდ-19-ისგან განკურნება ტრადიციული მედიცინით შეიძლებოდა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიზანი მსოფლიო მოსახლეობის გაკონტროლება იყო.
მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" პროექტ "პოლიგრაფის" მიერ.
Facebook Forum