ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იგნატიუსი: ახალი კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნილი არ არის


სად გაჩნდა ახალი კორონავირუსი პირველად - ჰუფაჰანის „სველ ბაზარზე“ თუ ლაბორატორიაში? მას ბუნებრივი წარმოშობა აქვს, თუ ხელოვნურადაა შექმნილი? "ვაშინგტონ პოსტის" ცნობილი ანალიტიკოსი და ავტორი დევიდ იგნატიუსი ვირუსის წარმოშობის თეორიებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩინეთის მიმართ ეჭვები მანამ არ გაქრება, სანამ პეკინი გამჭვირვალე გამოძიებას არ ჩაატარებს. იგნატიუსს ია მეურმიშვილი ესაუბრა.

რას უკავშირდება კორონავირუსის წარმომავლობის დებატები?

ჩემთვის ეს დებატები უკავშირდება იმას, თუ როგორ დაიწყო პანდემია. თავდაპირველად, ვირუსის წარმოშობის ამბავი ვუჰანში ზღვის პროდუქტების ბაზარს - ეგრეთწოდებულ, "სველ ბაზარს" - უკავშირდებოდა. პირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირუსი ცხოველიდან ადამიანში გადახტა. ამ მოსაზრების გავრცელებას ჩინეთი ხელს უწყობდა. ამ აზრის თანახმად, ღამურებში არსებული კორონავირუსით, „სველ ბაზარზე“ რაღაც საკვები დაინფიცირდა, რომელიც შემდეგ ადამიანმა მოიხმარა და ვირუსი მასზე ასე გადახტა. მაგრამ იანვრის ბოლოს ეს მოსაზრება დასუსტდა. პრესტიჟულ ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ კორონავირუსით ვუჰანში გამოვლენილ პირველ დაინფიცირებულ ადამიანს, არანაირი შეხება არ ჰქონია თევზის ბაზართან. ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული თავდაპირველი რამდენიმე კვლევაც ამას ამბობდა.

სარსიდან კოვიდ-19-მდე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:05 0:00

ამის შემდეგ დაიწყეს მეცნიერებმა იმაზე ფიქრი, ხომ არ ჰქონდა ვირუსს სხვა წარმომავლობა. ორმა ჩინელმა ავტორმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ისინი ამტკიცებდნენ, რომ ვირუსი ვუჰანში მდებარე ორი ლაბორატორიიდან ერთ-ერთში მომხდარი შემთხვევის გამო გაიპარა. ეს სტატია ინტერნეტიდან ძალიან მალე გაქრა. ერთ-ერთ ავტორს „უოლ სტრიტ ჯორნალი“ თებერვალში დაუკავშირდა და მაშინ მან თქვა, რომ საკუთარი ვარაუდისთვის საკმარისი მტკიცებულება არ ჰქონდა. ამ მეცნიერთან დაკავშირება მას შემდეგ შუძლებელია.

კითხვა ძალიან მარტივია - საიდან დაიწყო ვირუსი? ეს ბუნებრივი უბედური შემთხვევა იყო, როცა ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადმოხტა, თუ ის ლაბორატორიიდან გაიპარა. სარსის ეპიდემიის შემდეგ, ჩინელები ძალიან აქტიურად იკვლევდნენ კორონავირუსებს, აგროვებდნენ ღამურებს, ვირუსების ნიმუშებს. ვუჰანი ამ კვლევებისთვის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი იყო. ერთ-ერთი ბიოლოგიური ლაბორატორია ვუჰანის „სველ ბაზართან“ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. მეორე კი - უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული ლაბორატორია - ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, ბაზრიდან რამდენიმე კილომეტრშია.

რომ შევაჯამო რაც აქამდე ვთქვი, ჩნდება კითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა უსაფრთხოების არაადექვატური ზომების გამო, ვირუსის ლაბორატორიიდან გაპარვა. შეიძლება ვინმემ ნარჩენები არასწორად გაანადგურა, შეიძლება თანამშრომელი დაინფიცირდა, ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ერთადერთი გზა, რომლითაც გავიგებთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ჩინეთს მიერ ღია გამოძიების ჩატარებაა.

ჩემი წყაროები ამერიკის და დასავლეთის სხვა ქვეყნების სადაზვერვო წრეებში თავიდანვე ერთ რამეს ამბობდნენ. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, რომ ვირუსი არ არის ხელოვნური.


ამ დებატების მეორე ნაწილი ვირუსის აგებულებას ეხება. როგორია ის - ბუნებრივი თუ სინთეტური, რომელიც ჩინელმა მეცნიერებმა შესაძლოა ლაბორატორიაში შექმნეს? რას ამბობენ თქვენი წყაროები, განსაკუთრებით ამერიკის სადაზვერვო წრეებში?

ჩემი წყაროები ამერიკის და დასავლეთის სხვა ქვეყნების სადაზვერვო წრეებში თავიდანვე ერთ რამეს ამბობდნენ. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, რომ ვირუსი არ არის ხელოვნური. ის არ არის შექმნილი ლაბორატორიაში. მათ არასდროს შეუცვლიათ ეს შეფასება, რაც ჩვენი მაყურებლისთვის ხაზგასასმელია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთქმულების თეორიები, რომ ჩინეთმა ვირუსი სპეციალურად გაუშვა, უსაფუძვლოა. ჩემთვის უცნობია მტკიცებულება, რომელიც ამ შეხედულებას გაამყარებდა.

რატომ აქვს იმას მნიშვნელობა, თუ საიდან დაიწყო ვირუსი - „სველი ბაზრიდან“ თუ ჩინეთის რომელიმე ლაბორატორიიდან?

ვფიქრობ ამას სამი მიზეზის გამო აქვს მნიშვნელობა. პირველი სწორი ისტორიული ჩანაწერის გაკეთებაა. კოვიდ-19-მა მსოფლიო შეცვალა. მასზე მომავალში ვისაუბრებთ ისე, როგორც დღეს ესპანურ გრიპზე ვსაუბრობთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რა მოხდა.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ვირუსის წარმომავლობის ზუსტი ცოდნა დაგვეხმარება მისი მკურნალობის მეთოდების დახვეწაში - იმის ცოდნა, თუ რა იყო ვირუსის თავდაპირველი შტამი, ჰქონდა თუ არა მას ხელოვნური საწყისები, გადადიოდა თუ არა ის სინჯარიდან სინჯარაში და ეცვლებოდა თუ არა ამ პროცესში მახასიათებლები. ზუსტი წარმომავლობის ცოდნა არა მხლოდ თერაპიის მეთოდების, არამედ ვაქცინის შემუშავებაშიც დაგვეხმარება, რაც მსოფლიოში ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს.

მესამე მიზეზი კი ისაა, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში მსგავსი პანდემიები. ეს არც პირველია და არც ბოლო პანდემია იქნება, სამწუხაროდ. ეს დროთა განმავლობაში, უბრალოდ ხდება. იყო სარსი, მერსი, ებოლა, როცა ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე ხტება. ეს მომავალშიც მოხდება.


ჩინეთის ბიოლოგიური უსაფრთხოება ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესდა. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომები არ არის ამერიკის და დასავლეთის სხვა ქვეყნების დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ იმის ნაცვლად, ჩინეთმა დამალოს რა მოხდა, პირიქით, ის დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ ლაბორატორიებში უსაფრთხოების ზომები დაიხვეწოს. ეს არ უნდა იყოს პროპაგანდის ომი. სიმართლემ ჩინეთი არ უნდა დააზიანოს და კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით, ჩინეთთან ცივი ომის გარემო არ უნდა შევქმნათ. ეს ჩინეთს ურთულებს, და არ უადვილებს, სწორი ნაბიჯების გადადგმას.

როგორ ფიქრობთ, ჩინეთს სურს ბოლომდე გამოიძიოს რა მოხდა?

პირველი რეაქცია ინფორმაციის დამალვა იყო, სადღაც იანვრისთვის გადაწყვიტეს ინფორმაცია გაესაჯაროებინათ.  ბოლოს კი პანიკა დაეწყოთ. არ ვიცი, რატომ.  პანიკა იმან მოტანა, რომ აღმოაჩინეს, რომ ვირუსის გავრცელება ლაბორატორიას უკავშირდებოდა? და არ სურდათ კომუნისტური პარტია საკუთარი ხალხის წინაშე შერცხვენილიყო? არ ვიცი, რა მოხდა და რატომ დაეწყოთ პანიკა, მაგრამ ეს პანიკა იყო


თავდაპირველად, ჩინეთს თითქოს სურდა გამოეძია, რა ხდებოდა და ეს ინფორმაცია გამოექვეყნებინა. თუმცა მანამდე, ჩინეთის პირველი რეაქცია, ინფორმაციის მაქსიმალური შეზღუდვა იყო. მეცნიერებს, რომლებიც ვირუსს აკვირდებოდნენ, მასზე ინფორმაციის გავრცელება ეკრძალებოდათ. იგივე ხდებოდა ექიმებთან დაკავშირებითაც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმ ლის საქმე იყო. მოგეხსენებათ, მან კორონავირუსზე ღირებული ინფორმაცია გაასაჯაროვა და მალევე ვირუსის გამო გარდაიცვალა. ანუ, პირველი რეაქცია ინფორმაციის დამალვა იყო, სადღაც იანვრისთვის გადაწყვიტეს ინფორმაცია გაესაჯაროებინათ. ბოლოს კი პანიკა დაეწყოთ. არ ვიცი, რატომ. პანიკა იმან მოტანა, რომ აღმოაჩინეს, რომ ვირუსის გავრცელება ლაბორატორიას უკავშირდებოდა? და არ სურდათ კომუნისტური პარტია საკუთარი ხალხის წინაშე შერცხვენილიყო? არ ვიცი, რა მოხდა და რატომ დაეწყოთ პანიკა, მაგრამ ეს პანიკა იყო. ვუჰანში მაღალჩინოსნებს პეკინიდან გზავნიდნენ სიტუაციის სამართავად, მათ შორის, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტშიც.

თებერვალში პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ბიოლოგიური ლაბორატორიების უსაფრთხოების ახალი წესები გამოაცხადა. ძალიან მალე ვირუსის თემის პოლიტიზირება მოჰყვა და მან ვირუსის მართვაზე პასუხისმგებლობა პერსონალურად აიღო. ჩინეთი ავტორიტარული სახელმწიფოა და როცა ქვეყნის ლიდერი პრობლემასთან საკუთარი თავის ასოცირებას ახდენს, მისთვის სიტუაციიდან გამოსვლა პრობლემის გადაჭრის გარეშე ძალიან რთულდება. ამერიკის ტონი, განსაკუთრებით სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ძალიან ბასრი იყო. ისინი, არც ისე ფარულად, მიუთითებდნენ იმაზე, რომ ჩინეთმა ვირუსი სპეციალურად შექმნა და შეგნებულად გაავრცელა. ჩინელები მართლები არიან იმაში, რომ ამაზე გაბრაზდნენ, რადგან არ არსებობს ამის მტკიცებულება.

თქვენ თქვით, რომ უნდა გამოვიძიოთ რა მოხდა და დავადგინოთ სიმართლე. სიმართლის დადგენა ყველას სჭირდება. თუმცა, იმასაც ამბობთ, რომ სიმართლის დადგენამ ჩინეთი არ უნდა დააზიანოს. რას გულისხმობთ ამაში? მაგალითად, თუ დადგინდა, რომ ვირუსი „სველი ბაზრიდან“ ან თუნდაც ლაბორატორიიდან გავრცელდა, ეს ჩინეთის რეპუტაციას არ შელახავს? როცა ჩინეთის პასუხისგებაზეა ლაპარაკი, საქმე არა უშუალოდ ვირუსს, არამედ ვირუსზე ჩინეთის რეაგირებას ეხება, იმას თუ როდის გააგებინა ჩინეთმა სამყაროს ვირუსის შესახებ.

რაც უფრო მეტად ეცდება ჩინეთი ინფორმაციის შეზღუდვას, მით უფრო მეტად იზარალებს.  ახლა ისე ჩანს, რომ ჩინეთი რაღაცას მალავს, ანუ რაღაც დასამალი აქვს. ღია გამოძიების ჩატარება ფაქტების დასადგენად, ჩვეულებრივი პროცესი იქნება თანამედროვე ქვეყანაში. ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა მსოფლიოს უფრო მეტ ეჭვს გაუჩენს და ეს ეჭვები არსად გაქრება.


ჩინეთისთვის ეს სამარცხვინოა. არ აქვს მნიშვნელობა, რის გამო გავრცელდა ვირუსი - ბაზარში უსაფრთხოების ცუდი ზომების, თუ ლაბორატორიაში უსაფრთხოების არაადეკვატური ზომების გამო. ის, რომ ვირუსი ჩინეთიდან დაიწყო, ფაქტია და ეს ყოველთვის დარჩება ჩინეთისთვის სამარცხვინო ლაქად. თუმცა, ის რომ ჩინეთი იმაში დავადანაშაულოთ, რომ ვირუსი ჩინეთმა დაიწყო, არასწორი იქნება. უბედური შემთხვევები ხდება, ეს ხდება ჩინეთში, ამერიკაში, საქართველოში და ყველგან. ვფიქრობ, რაც უფრო მეტად ეცდება ჩინეთი ინფორმაციის შეზღუდვას, მით უფრო მეტად იზარალებს. ახლა ისე ჩანს, რომ ჩინეთი რაღაცას მალავს, ანუ რაღაც დასამალი აქვს. ღია გამოძიების ჩატარება ფაქტების დასადგენად, ჩვეულებრივი პროცესი იქნება თანამედროვე ქვეყანაში. ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა მსოფლიოს უფრო მეტ ეჭვს გაუჩენს და ეს ეჭვები არსად გაქრება. ჩინეთის ინტერესშია ის, რომ სანდო გამოძიება ჩატარდეს. შეიძლება პრეზიდენტი სი ფიქრობს, რომ ეს გამოძიება პრეზიდენტ ტრამპთან და პომპეოსთან კაპიტულაცია იქნება. ცუდია თუ ასე ფიქრობს. სანამ ჩინეთი გამოძიებას არ ჩაატარებს, ეს საკითხი არ გაქრება.

თქვენი აზრით, რა იქნება სანდო გამოძიება? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველია, რაც აზრად მომდის, მაგრამ რამდენად სანდოა ის? ორგანიზაცია მკაცრი კრიტიკის სამიზნე ბევრჯერ გახდა.

კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბევრჯერ გააკრიტიკეს, მაგრამ ჩემთვის ის სანდოობას ინარჩუნებს. არ მგონია, მისი დისკვალიფიკაცია მომხდარიყო იმის გამო, რომ მას აკრიტიკებენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაატარებს გამოძიებას. მთავარი იქნება ის, რომ ჯგუფში, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს, საერთაშორისო დონის მეცნიერები შედიოდნენ. ეს ძირეული გამოძიება უნდა იყოს. ამ ეტაპზე შეიძლება „სველ ბაზარზე“ და ლაბორატორიაში ფიზიკური ექსპერტიზა ვეღარ ჩატარდეს, მაგრამ შესაძლებელი იქნება სისხლის ნიმუშების ანალიზი, მაგალითად, დეკემბერში აუღეს დაინფიცირებულ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ გარდაიცვალნენ. ასევე არსებობს ფართოდ გავრცელებული სპეკულაციები, რომ ვირუსმა გავრცელება გაცილებით ადრე დაიწყო. საჭირო იქნება ამის დადგენაც და სისხლის ნიმუშების შემოწმება. ვფიქრობ, ამის გაკეთება შესაძლებელი და აუცილებელია და რაც უფრო მეტხანს გაუწევს ამას წინააღმდეგობას ჩინეთი, მით უფრო დასუსტდება მისი პოზიცია.

ზოგიერთი გავლენიანი მოაზროვნე ამბობს, რომ ჩინეთთან, სწორედ, ახალი ცივი ომის პერიოდში შევდივართ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ვფიქრობ, დაძაბულობა და ერთმანეთზე თავდასხმები მიგვანიშნებს იმაზე, თუ საით მივდივართ. არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს გლობალური უპირატესობის მოსაპოვებლად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად უწყვეტად ებრძვიან. სამხედრო თვალსაზრისით, ჩინეთი ჯერ ვერ უწევს ამერიკას კონკურენციას, ამას წლები დასჭირდება. კორონავირუსმა ეს დაძაბულობა გააღრმავა. საკითხი ჩემთვის ისაა, თუ როგორ მოვნახოთ გზები იმისთვის, რომ ეს კონკურენცია, რომელიც მომავალში მხოლოდ გამძაფრდება, არცერთი მათგანისთვის დამაზიანებელი არ იყოს. არ მინდა მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობა ჩამოიშალოს. ეს არავის აწყობს მთელს მსოფლიოში. ორივე ქვეყანაში კარგი ლიდერშიპი დაგვიცავს მდგომარეობის გაუარესებისგან და იმედი მაქვს ჩვენი ლიდერები სწორედ ამას იზამენ.

როგორ ხედავთ მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიის შემდეგ?

ვფიქრობ, ამ იზოლაციის პერიოდიდან რომ გამოვალთ, ბევრ რამეს გავაცნობიერებთ. პირველ რიგში, ეს ჰიგიენაა. არ ვიცი, გავაგრძელებთ თუ არა ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევას, ერთმანეთის გადაკოცნას. ვფიქრობ უფრო ფრთხილები გავხდებით. ასევე მგონია, რომ საინფორმაციო ჰიგიენასაც უფრო მეტად დავიცავთ, ანუ გავაცნობიერებთ იმას, თუ რამდენად საშიშია მცდარი ინფორმაცია. იმედი მაქვს, უფრო შერჩევითად მივუდგებით იმას, თუ რა ინფორმაციას მოვიხმართ. ასევე მგონია, დავაფასებთ ექსპერტიზის ღირებულებას. მაგალითად, ამერიკაში ადამიანები დაბნეულები არიან. მათ სურთ დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ნამდვილად ექსპერტები არიან და იციან რას აკეთებენ - ბიოლოგები, ვიროსოლოგები, ექიმები, ხალხი, ვინც ვაქცინები უნდა შეიმუშაონ და დაავადებული ადამიანები განკურნონ. ზოგჯერ პოპულისტურმა ამბოხმა ამ ქვეყანაში ექსპერტების შეხედულებები გადაფარა. იმედია, ეს შეიცვლება. ჩვენ მეცნიერების იმედზე უნდა ვიყოთ. იმედია უფრო რაციონალურ მდგომარეობას დავუბრუნდებით და ეს კარგად დავინახეთ.

როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:55 0:00

მე გლობალური ეკონომიკის და გლობალური კავშირების მჯერა. ვფიქრობ, პანდემიის შემდეგ ქვეყნები მეტ ყურადღებას მიაქცევენ საზღვრებს და ადამიანების შემოწმებას იმის დასადგენად, შემოაქვს თუ არა ვინმეს დაავადება, წარმოადგენს თუ არა საფრთხეს. ეს ბუნებრივი და ჯანსაღი რეაქცია იქნება. ეროვნული საზღვრები უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ევროპას ამ საკითხზე სერიოზული დაფიქრება დასჭირდება. გლობალური ბაზრები ვფიქრობ, უფრო გახსნილი იქნება. გლობალური ვაჭრობა მეტად გააქტიურდება.

ეს არის პერიოდი, როცა ამერიკის ლიდერშპი ისეთი ძლიერი არ არის, როგორსაც ვისურვებდი. ამერიკა სათავეში უნდა ჩაუდგეს ისეთი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორიცაა კოვიდ-19. მაგრამ, ერთ სფეროში ამერიკა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა - ანუ ამერიკის ეროვნულმა ბანკმა, რომელიც ყოველგვარი კითხვების გარეშე საერთაშორისო ფინანსური ლიდერია - უდიდესი დახმარება გაუწია სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს. ამ დახმარების გამო, მარტში მოსალოდნელი უდიდესი ფინანსური კრიზისი, რომელიც პანდემიას უკავშირდებოდა, თავიდან იქნა აცილებული. ამ მხრივ ამერიკამ ნამდვილად გამოიჩინა ლიდერობა.

თქვენი აზრით, როგორი იქნება ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ?

საგარეო ურთიერთობების ექსპერტები კოვიდ-19-მდე დიდი ხნით ადრე ამბობდნენ, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაში დაძაბული პერიოდი მოდიოდა. ეს ის საკითხია, რომელშიც დემოკრატები ტრამპს მხარს აქტიურად უჭერდნენ. ათწლეულების მანძილზე შეერთებული შტატების სუსტმა მიდგომამ ჩინეთს მიმართ, ამერიკისთვის ცუდი შედეგები მოიტანა. მოსალოდნელი იყო ის, რომ ჩინეთის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკა გამკაცრდებოდა. ვფიქრობ, შევდივართ პერიოდში, როცა ამერიკას ჩინეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკა ექნება და ეს ასეც უნდა იყოს.

იგნატიუსი: სად, როდის და როგორ დაიწყო პანდემია?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:18:55 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG