ევროპის ქვეყნები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებენ. პოლონეთი გეგმავს, რომ სასტუმროები და სავაჭრო მოლები 4 მაისს გახსნას. ბაღებს შეეძლებათ 6 მაისს ამუშავდნენ. პოლონეთი, მიუხედავად კრიტიკისა, 10 მაისს დაგეგმილი არჩვენების ჩატარებას კვლავ აპირებს. ოპოზიცია საარჩევნო კამპანიაზე წვდომის შეზღუდვის გამო, ამ თარიღის გადაწევას ითხოვდა.
პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ დანარჩენი ეკონომიკის, მათ შორის რესტორნების გახსნის თაობაზე, მთავრობა მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას. პოლონელებს მთავრობა საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს. სკოლები 24 მაისამდე დახურულია. მთავრობა ასევე საუბრობს ქვეყნის საზღვრების გახსნის თაობაზე. ამ დროისთვის პოლონეთში რომლის მოსახლეობაც 38 მილიონია, კორონვირუსის 12,415 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 606 ადამიანი.
პოლონეთის მსგავსად, ეკონომიკის გახსნისკენ ნაბიჯებს ევროპის სხვა ქვეყნებიც დგამენ, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია. გერმანიას სურს, რომ საერთაშორისო მგზავრობის და საზღვრების გახსნის გარშემო ევროკავშირმა ერთიანი გადაწვეტილება მიიღოს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოგზაურობა და ფრენები რისკს შეიცავს. მისი თქმით გერმანიის მთავრობა ყოველკვირა შეაფასებს საზღვრების გახსნის შესაძლებლობას და რისკებს. თუმცა, სამინისტრო მოსახლეობას დასვენების მიზნით მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, რადგან შესაძლოა შეზღუდვები, ვითარების სწრაფად ცვალებადობიდან გამომდინარე, მალევე იქნას ხელახლა დაწესებული.
Facebook Forum