სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში „ამერიკის ხმა“ იუწყებოდა, რომ ორგანიზაციის ვებგვერდებზე მრავალჯერადი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, მთავარი ვებ-გვერდის ჩათვლით. ამერიკის ხმის ვებგვერდის ნაცვლად, სტუმრებს ანტიამერიკული ტექსტები და ირანულ დროშასთან ერთად ავტომატური იარაღის ფოტო ხვდებოდათ. ასევე იყო ტექსტი „ჩვენ დავამტკიცეთ რომ ეს შეგვიძლია.“ ჰაკერულ შეტევაზე პასუხისმგებლობა ირანულმა კიბერ არმიამ აიღო.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ჯეფრი კარი ამბობს, რომ ირანის კიბერარმია სერიოზულად უნდა განვიხილოთ.
„ირანის გარეთ რამდენიმე ჰაკერი მოქმედებს და ირანის მთავრობასთან გააჩნიათ კავშირი. ირანული კიბერარმია სწორედ მათ შორისაა. ისინი საკმაოდ კარგად არიან გაწაფულები. ეს სახუმარო საქმე არ არის,“ - ამბობს ჯეფრი კარი.
აღსანიშნავია, რომ ირანულმა ახალი ამბების სააგენტომ ფარსიმ, ჰაკერების ეს აქცია შეაქო და განაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება ირანის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციების გამო. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ განხორციელდა კიბერშეტევა „ამერიკის ხმაზე.“ ექსპერტები ამბობენ, რომ ჰაკერებმა ორშაბათი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან ეს დღეს ამერიკაში დასვენებად იყო გამოცხადებული. 2009 წელს ირანის კიბერარმიამ შეტევა მიიტანა სოციალურ ქსელ „თვითერზეც,“ რომელსაც ირანის მთავრობის ოპოზიცია არჩევნების შემდეგ პერიდოში აქტიურად იყენებდა. შარშან კი ირანის კიბერარმიის სამიზნე და მსხვერპლი ჩინეთის საძიებო სისტემა - ბაიდუ აღმოჩნდა. როგორც „ამერიკის ხმა“ აცხადებს ორი დღის წინ განხორციელებული შეტევის შედეგად ორგანიზაციის მონაცემთა ბაზა არ დაზიანებულია. ამჟამად „ამერიკის ხმის“ ვებვგვერდები ნორმალურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.