ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვის ყოფილ არაფორმალურ მმართველს აშშ-მ სანქციები დაუწესა


ვლადიმირ პლაჰოტნიუკი
ვლადიმირ პლაჰოტნიუკი

მოლდოველ ოლიგარქს და მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილ ხელმძღვანელს ვლადიმირ პლაჰოტნიუკს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალა. ამ სანქციის მიზეზი, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, პლაჰოტნიუკის „მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობაა“.

„ტვიტერზე“ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დღეს ის საჯაროდ ასახელებს პლაჰოტნიუკს სანქციებული პირების სიაში და აღნიშნა, რომ „შეერთებული შტატები მოლდოვის გვერდით დგას კორუფციასთან ბრძოლაში“.

მოლდოვაში პლაჰოტნიუკს ბრალი 2013-2015 წლებში, ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირში და მილიონობით დოლარის გათეთრებაში ედება. ის ახლა იძებნება. პლაჰოტნიუკმა ქვეყანა მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ დატოვა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

„ოფიციალურ თანამდებობაზე ყოფნისას, პლაჰონიუკი კორუმპირებულ ქმედებებში მონაწილეობდა, რომელიც ძირს უთხრიდა და უკიდურესად არღვევდა მოლდოვაში დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას“, - ამბობს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო წერილობით განცხადებაში.

სანქცია ასევე მოიცავს პლაჰოტნიუკის მეუღლეს, ოქსანას და მათ ორ შვილს.

პლაჰოტნიუკმა მოლდოვა მას შემდეგ დატოვა, რაც გასული წლის 8 ივნისს, პროევროპულმა ბლოკმა „აკუმ“ და პრორუსულმა სოციალისტურმა პარტიამ, პრეზიდენტ იგორ დოდონის მეთაურობით, კოალიციის შექმნა და მისი დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოცილება მოახერხეს.

პლაჰოტნიუკი ქვეყანას არაფორმალურად მართავდა. ის დაკავშირებული იყო ქვეყნის ბიუჯეტიდან 1 მილიარდი დოლარის (ქვეყნის ერთიანი შიდა პროდუქტის 1/8) გაუჩინარების საქმესთან, რასაც მოლდოვაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ამ ფინანსურ თაღლითობას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „საუკუნის ქურდობას“.

პლაჰოტნიუკი ასევე იძებნება რუსეთის მიერ, ნარკოტრაფიკინგის და მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებით.

„აკუმის“ ბლოკისა და სოციალისტების კოალიცია 2019 წლის ნოემბერში დაიშალა. შედეგად დოდონმა ტექნოკრატიული მთავრობა დანიშნა, რომელსაც პარლამენტში მხარი დემოკრატიული (პლაჰოტნიუკის ყოფილი) პარტიის წევრებმა და სოციალისტებმა დაუჭირეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG