ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრას კრიტიკით და დაპირებებით გამოეხმაურა


პრეზიდენტმა ტრამპმა ლონდონში ვიზიტი იმის დაპირებით დაიწყო, რომ ბრიტანეთის 12 დეკემბრისთვის დანიშნული საყოველთაო არჩევნების შესახებ კომენტარებისგან თავს შეიკავებდა.

ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა თქვა: „ამაზე არ ვფიქრობ, ეს ამ დიდი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ.“

თუმცა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავი ვერ შეიკავა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ თავისი შეხედულება გამოთქვა: „ბორისი ძალიან უნარიანია და ვფიქრობ, ის საქმეს კარგად გაუძღვება.“

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მიმართ ინტერესი არ აქვს. პრეზიდენტმა თქვა: „მასთან აბსოლუტურად არაფერი გვესაქმება და ვერცხლის ლანგრითაც რომ მოგვართვათ, არ გვინდა.“

ტრამპი და ბრიტანეთის პრემიერი ჯგუფურ ღონისძიებებზე შეხვდნენ, მაგრამ უცნობია მათ შორის პირისპირ შეხვედრა თუ შედგება.

მაკრონთან შეხვედრის წინ, ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტი ნატოს შესახებ მისი განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელმაც ნატო აღწერა, როგორც „ტვინმკვდარი“. ტრამპმა მის კომენტარს „საზიზღარი განცხადება“ უწოდა და თქვა, რომ მაკრონის კომენტარი სხვა წევრებისთვის „შეურაცხმყოფელი“ იყო.

წარსულში ტრამპმა თქვა, რომ ნატო „დრომოჭმული“ იყო და ალიანსიდან გასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა.

სამშაბათს, სტოლტენბერგმა ტრამპი შეაქო და თქვა, რომ ალიანსის დაფინანსების საკითხში მის ლიდერობას „ხელშესახები შედეგი“ აქვს.

ტრამპმა სამშაბათს კიდევ ერთხელ გამოთქვა კრიტიკა კონგრესის დემოკრატების მისამართით და თქვა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრაზე ყოფნის დროს საიმპიჩმენტო მოსმენების ჩატარება უსამართლობაა, თუმცა კითხვაზე, ეს პროცედურა ასუსტებს თუ არა მის პოზიციას, როდესაც სხვა ლიდერებს ხვდება, ტრამპმა თქვა: „არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა.“

სტოლტენბერგთან და მაკრონთან შეხვედრებს შორის, ტრამპი დახურულ ღონისძიებაზე მხარდამჭერებს შეხვდა. ის სამშაბათს სამეფო ოჯახის წევრებსაც შეხვდება. პრეზიდენტი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან მიღების წინ, პრინც ჩარლზს ჩაიზე ეწვივნენ.

XS
SM
MD
LG