ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატი კანდიდატები მორიგი დებატებისთვის ემზადებიან


ოთხშაბათს, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ამერიკელი დემოკრატები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რიგით მეხუთე დებატებს გამართავენ. ათი დემოკრატი პრეტენდენტი მიიღებს მონაწილეობას მორიგ ტელემარათონში, რომლის მოლოდინიც ვაშინგტონში მიმდინარე, პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებულმა საიმპიჩმენტო დრამამ დაჩრდილა.

ატლანტის დებატებზე თითოეული ნომინანტი შეეცდება ყურადღების ცენტრში მოხვედრას. ორი მოწინავე პრეტენდენტი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორნერი ცენტრალური ფიგურები იქნებიან.

მაგრამ, ამჯერად კიდევ ერთი კანდიდატი იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს ინდიანის შტატის ქალაქ საუთ ბენდის მერი, პიტ ბუტეჯეჯია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბუტეჯეჯი აიოვის შტატში მოწინავე პოზიციაზე გავიდა. შიდაპარტიული და პირველადი ხმის მიცემა, თებერვალში სწორედ ამ შტატიდან დაიწყება.

ბუტეჯეჯმა განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მოისმენს მის გზავნილს, მით უფრო გაძლიერდება მათგან მხარდაჭერა და ისინი ამომრჩეველთა რიგებსაც გაზრდიან.

ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვაში, ბაიდენი მოწინავე პოზიციაზე რჩება და ირწმუნება, რომ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ის ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება. მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის შემდეგი კანდიდატი, ვინც არ უნდა იყოს ის, მემკვიდრეობით ნამდვილად მიიღებს დაყოფილ ქვეყანას და ქაოტურ მსოფლიოს.

ელიზაბეტ უორენიც დემოკრატების ველის ზედა ფენაში რჩება, მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის იდეის გამო, ის თავდაცვით პოზიციაში აღმოჩნდა.

დემოკრატებს ერთი ახალი პრეტენდენტიც ჰყავთ, რომელიც დებატებზე არ იქნება, მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი დევალ პატრიკი. მან გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო მარათონში ერთვებოდა. პატრიკმა თქვა: „ვფიქრობ, ეს კამპანია ხალხის გაერთიანების საშუალებაა.“ შესაძლოა მარათონს კიდევ ერთი კანდიდატი დაემატოს: ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი.

ანალიტიკოს ლარი საბატოს აზრით, დამატებითი კანდიდატების შემოსვლა, ამჟამინდელი პრეტენდენტების შესახებ კითხვებს აჩენს. მისი აზრით, „აშკარაა, რომ ბევრი დემოკრატი ლიდერი ზედა ეშელონის გამო შეშფოთებულია. ყოველ კანდიდატს აქვს პრობლემა - ზედმეტად ხანდაზმული, ზედმეტად ახალგაზრდა, ზედმეტად გამოცდილი და გამოუცდელი, უკიდურესად მემარცხენე, უკიდურესად მემარჯვენე და ა.შ.“

ატლანტის დებატების სცენაზე ასევე იქნებიან: ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი, კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი, მინესოტის სენატორი ემი კლობუჩარი და ნიუ-ჯერსის სენატორი კორი ბუკერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG