"ფეისბუქი" დათანხმდა გადაიხადოს რეკორდული კომპენსაცია - 5 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობით. ამ თანხას სოციალური ქსელი მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის შეუსაბამოდ დაცვის გამო გადაიხდის.
მოლაპარაკების შედეგების შესახებ ოთხშაბათს ფედერალური სავაჭრო კომისიისგან გახდა ცნობილი. ამავე ინფორმაციით, ეს უდიდესი რაოდენობის ჯარიმაა, რაც ტექნოლოგიურ კომპანიას მომხმარებელთა მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ დავებში ოდესმე გადაუხდია.
მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით, "ფეისბუქის" აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაკერბერგი ვალდებული იქნება, რომ კვარტალურად და ყოველწლიურად მოახდინოს იმის სერტიფიცირება, რომ კომპანია ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს მომხმარებელთა მონაცემების დასაცავად.
ამავე შეთანხმების მიხედვით, "ფეისბუქი" პირადი მონაცემების უსაფრთხოების კომიტეტს შექმნის. კომიტეტი დირექტორთა საბჭოს წევრებით დაკომპლექტდება და ის მიიღებს გადაწყვეტილებას იმ საკითხებზე, რომელიც მომხმარებლების მონაცემების დაცულობასა და უსაფრთხოებას შეეხება. პერსონალური მონაცემების დაცულობის კომიტეტი პასუხისმგებელი იქნება ასევე იმ ოფიცრების დანიშვნაზეც, რომლებიც კომპანიის პრაქტიკის სტანდარტებთან შესაბამისობას გააკონტროლებს და ზაკერბერგთან ერთად იმუშავებს, რათა სოცმედიის გიგანტმა რეგულაციების ფარგლებში იფუნქციონიროს.
"ფეისბუქის" მიერ მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებით კითხვები, წლების განმავლობაში არსებობდა,თუმცა განსაკუთრებული კრიტიკა კომპანიამ მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ბრიტანულ პოლიტიკურ საკონსულტაციო ფირმა "კემბრიჯ ანალიტიკას" ათეულობით მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია გაუზიარა.
Facebook Forum