2020 წლის საპრეზიდენტო მარათონში ახალი კანდიდატი გამოჩნდა. კალიფორნიის დემოკრატმა სენატორმა კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შესახებ განცხადება დღეს დილით გააკეთა.
ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გასახმოვანებლად 54 წლის იურისტმა ტელეკომპანიის "ეი-ბი-სი" პროგრამა "დილა მშვიდობის ამერიკა" შეარჩია. "მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეს ის მომენტია, როცა პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს ვიბრძოლო იმისთვის, რაც ჩვენში საუკეთესოა" - განაცხადა კამალა ჰარისმა.
დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ვარსკვლავი სენატორობამდე კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი იყო. მანამდე ის სან-ფრანცისკოს გენერალურ პროკურორად მსახურებდა. 2016 წლის სენატორობის კამპანიის დროს, ჰარისის მთავარი პლატფორმა სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლა, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, საშუალო კლასისთვის საგადასახადო შეღავათები, საყოველთო ჯანდაცვის რეფორმა და იმიგრაციის პრობლემები იყო.
შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ჰარისმა საკუთარი კანდიდატურის გამოცხადება ფედერალურ დღესასწაულს, მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს დაამთხვია. ის თავადაც შერეული რასის წარმომადგენელია, იამაიკიდან და ინდოეთიდან ემიგრირებული მშობლების შვილი.
Facebook Forum