ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმა ქართველ კადეტს დიპლომი გადასცა


დონალდ ტრამპი დღეს კონექტიკუტში ჩავიდა და ახალ ლონდონში ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიას ესტუმრა. პრეზიდენტი 2017 წლის სასწავლო კურსის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო, კადეტებს სიტყვით მიმართა და დიპლომები გადასცა.

აკადემიის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია ქართველი კადეტიც - ელდარ (დაჩი) საგანელიძე. საგანელიძე იმ 6 კადეტს შორისაა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან და იქ განაგრძობენ სამხედრო სამსახურს.

„ყველაზე მთავარი ისაა, რაც თქვენ საკუთარი თავის შესახებ ისწავლეთ. გაიგეთ, რომ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და იმოქმედოთ, როგორც საჭიროება მოითხოვს. თქვენ მოგიწევთ დიდი წნეხის ქვეშ მოქმედება და ამისთვის მზად უნდა იყოთ. თუმცა თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ და იცით, რას გააკეთებთ ამის შემდეგ ცხოვრებაში. სანაპირო დაცვის სამხედროებს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვთ არა მარტო ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, არამედ ზოგადად ქვეყნისთვისაც. თქვენ მოგიწევთ განსხვავებული როლების შესრულება, ზოგიერთი თქვენგანი სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას, ზოგი კი აქ დაიცავს ჩვენს საზღვრებსა და ქვეყანას, დაუპირისპირდება ნარკოტიკებითა და ადამიანებით მოვაჭრეებს, ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ებრძვის, ვისაც არ უყვარს ჩვენი ქვეყანა. ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენი მთავარსარდალი“ - ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიის 2017 წლის კურსდამთავრებულებს.

ინაუგურაციის შემდეგ ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო კონექტიკუტში. არჩევის შემდეგ კი მეორე გამოსაშვები ცერემონია, რომელზეც მან სიტყვა წარმოთქვა.

პრეზიდენტს კონექტიკუტში მისი პოლიტიკის მომხრეები და მოწინააღმდეგეები აქციებით და ხმამაღალი შეძახილებით დახვდნენ.

200-კვირიანი სასწავლო კურსი წელს წარმატებით 195-მა კადეტმა დაასრულა.

ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემია ორი წლის წინ პირველმა ქართველმა კადეტმა გიორგი ტალახაძემ დაამთავრა. ამავე წელს ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა აკადემიის ორი ქართველი კურსანტი სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე. აკადემიამ მაკარიძეს მექანიკურ ინჟინერიაში ბაკალავრის ხარისხი გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG