ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა "როიტერთან" ინტერვიუ ჩაწერა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების შემდეგ საქართველო უფრო დაუცველად გრძნობს თავს. მარგველაშვილმა ეს განცხადება საინფორმაციო სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა, რომლებმაც საბოლოო ჯამში მიმდინარე კრიზისი გამოიწვია, საქართველო ივნისში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერას მაინც აპირებს. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილზე. სექტემბერში ბრიტანეთში დანიშნულ ნატოს სამიტზე სავარაუდოდ განხილული იქნება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხიც:

„ჩვენ გვჯერა, რომ უელსში დანიშნული სამიტი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ძალისხმევაზე პასუხი იქნება ნატოში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ჩვენ პატარა, შეზღუდული სამხედრო რესურსების მქონე ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენ დავადასტურეთ, რომ სანდო პარტნიორები ვართ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.“

მარგველაშვილმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რუსეთი არ უნდა იყოს გარიყული. მისი შეკავება ჩართულობით უნდა მოხდეს.“ მისი თქმით, ასეთი მიდგომა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს:

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ჩვენს დიალოგს უფრო მეტი უარყოფითი ასპექტი შესძინა, ვიდრე დადებითი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა მტკიცე და უცვლელი რჩება. ურთიერთობის დიალოგში გადატანის ჩვენი ძალისხმევა ჯერ-ჯერობით არც ისე შედეგიანად მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ მას პოტენციალი აქვს.“
XS
SM
MD
LG