ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბლუმბერგი": მარკ ზაკერბერგი ამერიკის არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს ღიად არ დაუჭერს


"მეტას" აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა ამერიკის რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის ღია მხარდაჭერაზე უარი თქვა. ის ამბობს, რომ არც დონალდ ტრამპისა და არც ჯო ბაიდენის მხარდაჭერას არ გეგმავს და განაცხადა, რომ ამერიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რაიმე ფორმით მონაწილეობას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "ბლუმბერგი" ავრცელებს.

ზაკერბერგისგან განსხვავებით, სილიკონის ველის რამდენიმე გავლენიანი ფიგურა, მათ შორის ილონ მასკი, მარკ ანდრეესენი და ბენ ჰოროვიცი, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს მხარს ღიად უჭერენ.

"ბლუმბერგთან" ინტერვიუში ზაკერბერგმა თქვა, რომ მოეწონა ის, თუ როგორ მოიქცა ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი მას შემდეგ, რაც მას ესროლეს.

შაბათს, პენსილვანიის შტატში, ბატლერში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, შეიარაღებულმა მამაკაცმა ტრამპს ცეცხლი გაუხსნა. ნასროლი რამდენმე ტყვიიდან, ერთი მას ყურთან მოხვდა.

მკვლელობის მცდელობამ ტრამპის მხარდამჭერების ბრაზი და მობილიზება გამოიწვია. ამანვე, დროებით შეაჩერა დემოკრატების წინასაარჩევნო კამპანია, რადგან ქვეყანაში შემდგომი პოლიტიკური ძალადობის და დაპირისპირების შიში გაჩნდა.

"მეტა" ხშირად უწოდებს ტრამპის პოსტებს დეზინფორმაციის შემცველს. გარდა ამისა, კომპანიამ თავის კუთვნილ სოცალურ ქსელებში, "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" ანგარიშები ტრამპს დაუხურა. დაახლოებით ორწლიანი წყვეტა ტრამპს ორ ყველაზე პოპულარულ ქსელში მას შემდეგ ჰქონდა, რაც 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოხდა.

თუმცა, ახლა ზაკერბერგი ამბობს, ის ეცდება მისმა კომპანიამ ნაკლები როლი ითამაშოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში: ”ვფიქრობ, თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენი სერვისები ნაკლებ როლს შეასრულებენ ამ არჩევნებში, ვიდრე წარსულში", - თქვა "მეტას" მფლობელმა.

XS
SM
MD
LG