თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 19 იანვრიდან ამერიკელი ოჯახები კოვიდ-19-ის შინ გასაკეთებელი ტესტის ოთხი უფასო კომპლექტის შეკვეთას შეძლებენ. მოსალოდნელია, რომ ტესტები შეკვეთიდან 7-12 დღეში გაიგზავნება.
უფასო ტესტების პარტიის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით შეამსუბუქოს კოვიდ-19 ტესტების ნაკლებობა იმ დროს, როდესაც ომიკრონის ვარიანტის გავრცელებამ ამ ტესტებზე მოთხოვნა გაზარდა.
თეთრმა სახლმა თქვა, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უკვე 420 მილიონი ტესტის კონტრაქტი დადო. პრეზიდენტი ბაიდენი მოსახლეობას დაპირდა, რომ ამერიკელებისთვის 1 მილიარდ უფასო ტესტს უზრუნველყოფს და შესაძლოა მომავალში კიდევ მეტი შეუკვეთოს.
ადმინისტრაცია ასევე გეგმავს აამუშაოს სატელეფონო ხაზი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტესტების შესაკვეთად ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ.
ამერიკის ფოსტის მუშაკების პროფკავშირის პრეზიდენტმა თქვა, რომ პროფკავშირი დათანხმდა ნება დართოს საფოსტო უწყებას, პაკეტების შესაფუთად 43 ობიექტზე გამოიყენოს 7000 დროებითი მუშაკი, რომელთა უმრავლესობა დღესასწაულების პერიოდისთვის დაიქირავეს და ახლა ამ პროექტისთვის შეინარჩუნეს.
ტესტის კომპლექტები ქვეყნის 160 მილიონ მისამართზე გაიგზავნება.