ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ იმოქმედა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა ამერიკელთა ცხოვრებაზე


გასულ თვეში, მინესოტის შტატში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტმა ფართომასშტაბიან პროტესტთან ერთად, რასობრივი თუ სოციალური უთანასწორობის შესახებ საზოგადოების დამოკიდებულებებზეც იმოქმედა.

დემონსტრანტების ორი უმთავრესი მოთხოვნა ფლოიდის საქმეზე სამართლის მიღწევა და პოლიციის რეფორმირება იყო. თუმცა მოძრაობამ „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, კატალიზატორის როლი შეასრულა.


„სივიქს“-ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც მოძრაობის მიმართ 2017-2020 წლებში მხარდაჭერის ცვლილებას იკვლევდა, აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. თუკი 2017 წელს დარეგისტრირებული ამომრჩევლის 37 % უჭერდა მოძრაობას მხარს, ახლა ეს მაჩვენებელი 52 %-მდეა გაზრდილი. მოძრაობისადმი წინააღმდეგობა კი 41 %-იდან 30 %-მდე შემცირებული.

AP-NORC-ის გამოკითხვის თანახმად კი ამერიკელთა 54 % ამბობს, რომ პროტესტს მხარს უჭერს, 32 % - უარყოფითადაა განწყობილი, 14 % კი - არც იწონებს და არც ეწინააღმდეგება.

„შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია - გლობალური ქსელის ფონდი“ - ჯგუფმა, რომელიც მოძრაობას მხარს უჭერს, 12 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსები შეაგროვა იმისთვის, რომ ინსტიტუციური რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციებს მხარი დაუჭიროს. ფონდი აცხადებს, რომ ამ თანხებიდან 6 მილიონი უშუალოდ იმ ადამიანთა მხარდასაჭერად იქნება განკუთვნილი, რომლებიც ადგილობრივ დონეზე იბრძვიან. დამატებით 6.5 მილიონი დოლარი კი მათთან დაკავშირებული ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის. ფონდის მმართველმა დირექტორმა კეილი სქეილსმა „ასოშეიტედ პრესთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ეს ცვლილებები „შავკანიანთათვის ძალაუფლების მშენებლობის პროცესში წყალგამყოფი, გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება“.

ვაშინგტონის მერმა პროტესტის შემდეგ თეთრი სახლის სიახლოვეს მდებარე ორკვარტლიან ტერიტორიას სახელიც კი გადაარქვა და მას „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია მოედანი“ უწოდა.

მოძრაობის წარმატება და საკითხისადმი მეტი ყურადღების დათმობა შესამჩნევია არაერთ საზოგადოებრივ ცვლილებაში. ბევრი გამოცემის შემდეგ, "ასოშეიტედ პრესმა" წესი შეცვალა და ამიერიდან შავკანიანთა თემის მოხსენიებისას, სიტყვა შავი დიდი ასოთი დაიწერება. "ასოშეიტედ პრესის" წერის სტილსა თუ სტანდარტს არაერთი მედიასაშუალება მისდევს, ისინი განმარტავენ, რომ ამ ტერმინმა აფრო-ამერიკული საზოგადოების, მათი თემის საერთო სოციალურ-კულტურული იდენტობა უნდა გამოხატოს და არა მხოლოდ კანის ფერი.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ კი 4 ყოფილი სპიკერის პორტრეტების პალატიდან გატანის ბრძანება გასცა. პელოსიმ თქვა, რომ პალატის კედლებზე არაა იმ ადამიანების დიდების ადგილი, ვინც შეუწყნარებლობასა და რასიზმს ემხრობოდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა კი აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც პოლიციის რეფორმირებას გულისხმობს: სტანდარტების ამაღლებასა და დეესკალაციის საშუალებებზე მეტი ტრენინგის ჩატარებას. აქვე საუბარია იმაზეც, რომ პოლიციის ზოგიერთ გამოძახებაზე პოლიციელთან ერთად სოციალური მუშაკებიც იყვნენ. თუმცა ბრძანებაში პოლიციის სისასტიკესა და რასიზმს შორის კავშირი ნახსენები არ არის. პოლიციის რეფორმის კანონმდებლობას სენატში ორივე პარტიის მხარდამჭერები იწონებენ, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე მაინც ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG