ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის გამო, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს და ეს ქმედებები, შესაძლოა მიმართული იყოს ირანის ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობის შემცირებაზე.
“სრული მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში, ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს მივიღებთ”, - თქვა იელინმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. ხაზინის მდივანმა თქვა, რომ ირანის “დესტაბილიზაციური” ქცევის შესაჩერებლად და ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობების შესაზღუდად, შეერთებულ შტატებს ზომები აქამდეც მიუღია.
„აშკარაა, რომ ირანი აგრძელებს ნავთობის ექსპორტს. ალბათ მეტის გაკეთება შეგვეძლო“, - თქვა იელინმა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურს, ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე მუშაობის დაწყებას სთხოვს.
ბორელმა კომენტარი 16 აპრილს გამართული ონლაინ ვიდეოკონფერენციის შემდეგ გააკეთა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისრაელზე ირანის პირველი პირდაპირი თავდასხმის შედეგები განიხილეს. ბორელმა თქვა, რომ ეს თავდასხმა “ნამდვილად არის რეგიონში ისედაც დაძაბული სიტუაციის მნიშვნელოვანი ესკალაცია” და დასძინა, რომ მომხდარზე ევროპული საერთო პასუხისთვის, ევროკავშირს კოორდინაცია სჭირდება.
ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა 16 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა რუსული გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ. მისი თქმით, კიევს მხარდაჭერის მუდმივი ნაკადი სჭირდება და ეს აძლიერებს გაყინული რუსული აქტივების მონეტიზაციის სურვილს და საჩქაროობას.
ჯანეტ იელენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და “დიდი შვიდეული” აბსოლუტურად ერთგულნი არიან უკრაინის მხარდაჭერის მიმართ და შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა, დაამტკიცოს უკრაინის დახმარება, რაც "ჰუმანიტარული და მორალური აუცილებლობაა".