ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ადმინისტრაცია ახალი წლის კარგ ეკონომიკურ დასაწყისზე საუბრობს


სამომხმარებლო დანახარჯების ზრდა საახალწლო სეზონზე; რეალური ხელფასების ზრდა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში და მომხმარებელთა ნდობის ზრდა - ეს ყოველივე მიუთითებს 2024 წლის კარგ დასასწყისზე, თქვა კვირას, 31 დეკემბერს ჯარედ ბერნშტეინმა. ის თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.

ბერნშტეინმა „ფოქს-ნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააგრძელებს ამერიკელებისთვის ხარჯების შემცირებაზე ფოკუსირებას, თუ ის 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გაიმარჯვებს. „თუ რეალურად შეხედავთ ეკონომიკის ტენდენციას... ვფიქრობ, დაინახავთ ნამდვილ იმპულსს, რომელიც ახალი წლის კარგად დაწყებას აჩვენებს“, - თქვა ბერნშტეინმა.

ამერიკელ მომხმარებელთა ნდობა დეკემბერში ხუთთვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა, განაცხადა ორგანიზაციამ „კონფერენციის საბჭო“ 20 დეკემბერს. მათი მონაცემები მსგავსია მიჩიგანის უნივერსიტეტის "სამომხმარებლო განწყობის საორიენტაციო ინდექსის" კვლევისა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელთა ნდობა 14%-ით გაიზარდა და ეს ყველაზე დიდ ნახტომს წარმოადგენს ბოლო სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.

ბაიდენის პრეზიდენტობის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, მიჩიგანის ინდექსი აჩვენებდა ფართო პესიმიზმს ეკონომიკის მიმართ. მაგრამ, ახალმა მონაცემებმა აჩვენა ამერიკელების მზარდი ნდობა იმ ფონზე, როცა ინფლაცია იკლებს.

ინფლაცია 2023 წლის განმავლობაში არსებითად შემცირდა, შრომის დეპარტამენტის "სამომხმარებლო ფასების ინდექსი" 2023 წლის წლის დასაწყისში აჩვენებდა ფასების 6.4%-იან წლიურ საშუალო ზრდას. ნოემბრისთვის კი ეს მაჩვენებელ 3.1%-მდე შემცირდა.

მიუხედავად მზარდი ოპტიმიზმისა, ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ იგი კვლავ ფხიზლად რჩება გეოპოლიტიკური რისკების მიმართ. მათ შორის თეთრი სახლი გამოყოფს რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელსაც აქვს მარცვლეულის ბაზრების ჩაშლისა და ინფლაციის ხელახლა გაზრდის პოტენციალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG