ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში საშობაო გაყიდვები წელს, შარშანდელთან შედარებით, ნაკლებად გაიზარდა


შეერთებულ შტატებში საცალო გაყიდვები 1 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე 3,1 პროცენტით გაიზარდა. ზრდის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ბოლო წუთს გამოცხადებული საშობაო ფასდაკლებების დიდი აქციები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „მასტერქარდი“ დეკემბრის ანგარიშში აქვეყნებს.

მიუხედავად პოზიტიური შედეგისა, ზრდის მაჩვენებელი „მასტერქარდის“ მიერ სექტემბერში გაკეთებული 3,7 პროცენტიანი ზრდის პროგნოზთან შედარებით, მაინც დაბალია. წლევანდელი მონაცემი ასევე ჩამოუვარდება გასული წლის 7,6 პროცენტიან ზრდას. ამის მიზეზად ეკონომისტები მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და ინფლაციის გამო სამომხმარებლო ხარჯების შემცირებას ასახელებენ.

ამერიკულმა კომპანიებმა „ამაზონმა“ და „უოლმარტმა“ ნოემბერში შეერთებულ შტატებში დიდი ფასდაკლებები დაიწყეს, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, წლევანდელი ფასდაკლებები არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორც - შარშან, როცა ეკონომიკა კოვიდ-პანდემიის შემდეგ კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა.

შარშანდელთან შედარებით, წელს ონლაინ ვაჭრობაშიც ასევე ნელი ტემპი დაფიქსირდა. შარშან საახალწლო სეზონზე, როცა პანდემიის შედეგად ინტერნეტ ვაჭრობამ პიკს მიაღწია, ონლაინ ვაჭრობას 10,6 პროცენტიანი ზრდა ჰქონდა. წელს ეს მონაცემი 6,3 პროცენტი იყო.

XS
SM
MD
LG