ალტერნატიული საქართველო, სტალინი და ანტიტოტალიტარული 9 მაისი

სტალინის დროებითი ქანდაკება გორში

შეგვიძლია თუ არა ცოცხლად დავინახოთ ტოტალიტარიზმის აჩრდილი და სტალინი, რომელიც არ მომკვდარა? ამ კითხვაზე დადებითად უპასუხებს ყველა, ვინც კი 9 მაისს გორს ესტუმრება. ქუჩებში, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს 6 მეტრიანი სტალინის ქანდაკება აიღეს, მაინც შეხვდებით მის ძეგლებს. ასეთია მაგალითად, გორის უნივერსიტეტის წინ და სტალინის მუზეუმის ეზოში. სტალინის უზარმაზარ პოსტერებს მაღაზიების ვიტრინებსა და სასტუმროების ფასადებზე ნახავთ.

ამწუხაროდ, დღეს ჩვენი საზოგადოება, შესაძლოა მზად არ იყოს სტალინის ქუჩისთვის სახელის გადასარქმევად. არა იმიტომ, რომ ისინი კატეგორიული მოწინააღმდეგეები არიან სტალინის სახელის შებღალვისა, ან სტალინზე რაიმე კრიტიკულის თქმისა, არამედ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, თვითონ ხელისუფლებაშია, რბილად რომ ვთქვათ, ამბივალენტური განწყობები.
დავით დარჩიაშვილი

დღე–დღეზე კი ელიან რესტორნის გახსნას „ჯოზეფის“ სახელწოდებით. მისმა მეპატრონემ სტალინის სახელის ინგლისური ვერსია უცხოელი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველად მიიჩნია. ბიზნესმენები ამ ქალაქში ფიქრობენ, რომ „სტალინი უნდა გაყიდონ“ და რომ ის კარგ შემოსავალს მოიტანს, ხოლო საკითხი იმის შესახებ, რამდენადაა ეს ყველაფერი კავშირში ადამიანურ ფასეულობებთან, ღირებულებებთან, რომელთა მიმართ ერთგულება ქვეყნის მიერ არჩეული კურსის შემადგენელია, თითქოს სადღაც უჩინარდება.

წლევანდელი 9 მაისი გორში განსხვავებული იყო იმით, რომ კანონზე „თავისუფლების ქარტია“ დარყდნობით, უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ტოტალიტარული შინაარსის სიმბოლიკის საჯაროდ გამოფენა იკრძალება. ამ რეგულაციამ იმუშავა და გორში გამოსვლების მასშტაბურობაზე იმოქმედა, თუმცა მოძრავი სტალინის ძეგლი მცირეწლოვანი ბავშვებისა და წითელი ბუშტების ანტურაჟით, გორის ცენტრალურ მოედანზე, ძველი ძეგლის ადგილას, მაინც განთავსდა, მხოლოდ დროებით.

პარალელურ რეჟიმში კი აქტივისტთა ჯგუფი სახელწოდებით „მარო“ გორის უნივერსიტეტში მართავდა ფორუმს „ანტიტოტალიტარული 9 მაისი“. გამოსვლებისა და დისკუსიების გარდა, ჯგუფმა პეტიციაც შეადგინა გორის მერის სახელზე, რომლითაც სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვენ. გორის მთავარი ქუჩა დღემე სტალინის სახელს ატარებს. სწორედ ეს უკანასკნელი ინიციატივა აღმოჩნდა ყველაზე უფრო მძაფრი რეაგირებების საგანი ადგილობრივებისთვის. სოციალურ ქსელებში პეტიციის ავტორების ჩაქოლვასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდნენ.

ფორუმის ერთ–ერთი სპიკერი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „სამწუხაროდ, დღეს ჩვენი საზოგადოება, შესაძლოა მზად არ იყოს სტალინის ქუჩისთვის სახელის გადასარქმევად. არა იმიტომ, რომ ისინი კატეგორიული მოწინააღმდეგეები არიან სტალინის სახელის შებღალვისა, ან სტალინზე რაიმე კრიტიკულის თქმისა, არამედ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, თვითონ ხელისუფლებაშია, რბილად რომ ვთქვათ, ამბივალენტური განწყობები. მათ არ უნდათ ზედმეტი პრობლემები. მათში თავად არის სტალინიზმი მთლად პირდაპირი გაგებით თუ არა, საბჭოურობა მაინც. ეს იგრძნობა მმართველობის სტილში, გემოვნებასა და ღირებულებებში. შესაბამისად, რაკი ხელისუფლებაში არიან ასეთი ადამიანები, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც ყოველთვის პრაგმატულად აზროვნებს და არა ღირებულებებით, არ იტკიებს თავს და არ უნდა ამა ქვეყნის ძლიერებთან დაპირისპირება. ხელისუფლებას რომ სხვა პოზიცია ჰქონდეს, მგონია, საზოგადოებაშიც სხვა განწყობები იქნებოდა.“

ფორუმის სტუმრებს შორის გორის მოქალაქე ნუგზარ მაჭავარიანია, რომლისთვისაც სტალინიზმი, ტოტალიტარიზმი მიუღებელია. თუმცა არგუმენტი იმის შესახებ, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში უამრავი ადამიანი ძალადობრივად გარდაიცვალა არაა საკმარისი სტალინის კრიტიკისთვის, რადგან მისი აზრით, ჩვენს საზოგადოებას, სინამდვილეში მოსწონს ძალადობა.

„საქმე იმაშია, რომ ბოლშევიზმის თარეშმა გაანადგურა წარმატებული, ჰუმანური ადამიანები. შემდეგ აღიზარდა მცონარა პლეადა, რომელიც აღიარებდა მხოლოდ და მხოლოდ ძალადობას და ემორჩილებოდა ძალადობას. ასეთებად იზრდებოდნენ ათეული წლების განმავლობაში. მე არ ვამბობ, რომ უმრავლესობა ძალადობის მომხრეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არ ითვლება ძალადობა დანაშაულად ხალხის უმეტეს ნაწილში. ამიტომ მხოლოდ იმის თქმა მათთვის, რომ სტალინი მოძალადე იყო, მტარვალი იყო და ამიტომ ხოცავდა ხალხს, არ არის ისეთი მკვეთრი არგუმენტი, რომელიც გადაფარავს იმ პროპაგანდის შედეგებს, რაც ჩანერგილია მათ ცნობიერებაში. ჩვენი საზოგადოების უმეტესობას მოსწონს აგრესია“, – გვეუბნება ნუგზარ მაჭავარიანი.

საქართველოში პოლიტიკურ ელიტებს არ გააჩნიათ ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობის აღქმა, ისინი უბრალოდ, დინებას მიჰყვებიან და არ არის ჩამოყალიბებული ქვეყანაში კულტურა, რომ ჩვენ ისტორია გვჭირდება გასააზრებლად და არა მანიპულირებისთვის.
დათო ჯიშკარიანი

მისი მოსაზრებით, მოჯადოვებული წრის გარღვევისთვის საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ამ ბოლშევიკურმა, უტოპიურმა ექსპერიმენტმა, რომელსაც სტალინი აწყობდა და შესწირა თავისი ნიჭი და მილიონობით ადამიანი, უშედეგოდ ჩაიარა. „ადამიანებს უნდა დავანახოთ, რომ სტალინის ხელმძღვანელობით ბოლშევიზმმა მხოლოდ კი არ დახოცა ხალხი, არამედ განვითარების პერსპექტივა დაუკარგა მათ და მათ შთამომავლებს. ფუჭ საქმეს შესწირა მილიონობით ადამიანიც და დროც,“– გვეუბნება ნუგზარ მაჭავარიანი,

მიუხედავად მისი მკვეთრი კრიტიკისა სტალინიზმის მიმართ, ის არ იზიარებს სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის იდეას: „ეს გამოიწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას. იმ ადამიანებს დააპირისპირებს სტალინთან, ვის გვარებსაც ქუჩის სახელწოდების ალტერნატივად განიხილავთ. საკითხის დაყენება ნაადრევია. ვერც ჩვენი საკრებულო, რადგან ისინი, ასე თუ ისე, არჩეულებად ითვლებიან, ვერ გაბედავენ ამის გაკეთებას, რადგან შემდგომში იციან, აღარავინ აირჩევს. ვერც მერია გაბედავს, ზოგადად, ხალხი აბუნტდება და უნდა დაუპირისპირდეს ისევ იმ პატრიოტებს, იმ გმირებს, ვისაც განვიხილავთ სავარაუდო სახელწოდებებად. ჯერ ხალხში საკმაოდ მძლავრი შემეცნებითი სამუშაო უნდა ჩატარდეს, რომ მიხვდნენ, რომ სტალინისნაირი გენიოსი მეორე რომ არ დაბადებულა, მთლად ასე არაა საქმე.“

ისტორიკოსი დათო ჯიშკარიანი, ასევე ერთ–ერთი სპიკერი ფორუმზე "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „პოლიტიკურ განზომილებაში ეს ყველაფერი ასე ითარგმნება: საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია პოლიტიკური ნება, რომ წარსულის გააზრება დაწყებულიყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ელიტებს არ გააჩნიათ ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობის აღქმა, ისინი უბრალოდ, დინებას მიჰყვებიან და არ არის ჩამოყალიბებული ქვეყანაში კულტურა, რომ ჩვენ ისტორია გვჭირდება გასააზრებლად და არა მანიპულირებისთვის.“

დათო ჯიშკარიანი რუსულ და ქართულ ცხრა მაისზე საუბრობს და ამბობს, რომ ჩვენს შემთხვევაში რაიმე პოლიტიკური მესიჯი არ გაჟღერებულა, უბრალოდ წინააღმდეგობრივი განცხადებები გაისმა ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან. პუტინი კი ამბობს, რომ ვიღაცეები ცდილობენ ისტორიის დამახინჯებას, რის უფლებასაც ის არავის მისცემს. „ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთში კიდევ უფრო გამყარდება მეორე მსოფლიო ომის ჰეროიზაციის თემა. უფრო ნაკლებად იქნება მისი შესწავლის მცდელობები. რუსეთში ნაციონალური ნარატივს კიდევ უფრო ღრმა და საკრალურ მნიშვნელობას აძლევენ.

„მაგალითად, ჩეჩნეთში 9 მაისს განსაკუთრებით აღნიშნავენ. რამზან კადიროვი იღებს მიტინგს, ეს ის ჩეჩენი ერია, გადაასახლების შემდგომ რომელიც მეორედ დაბრუნდა, ოჯახებში, პრაქტიკულად არავინ დახვდათ და ძალიან უჭირდათ მეომრებს საკუთარი ოჯახის წევრების პოვნა ცენტრალურ აზიაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამის თაობაზე არავინ საუბრობს იქ. 9 მაისს რუსეთში ნათელი განზომილება აქვს. საქართველოს შემთხვევაში რა განზომილება აქვს, ვერ ვხვდები,“ ამბობს დათო ჯიშკარიანი.

ადგილობრივი ხელისუფლება ფორუმს „ანტიტოტალიტარული 9 მაისი“ არ დასწრებია. გორის მერიის ვებგვერდზე ატვირთული პეტიციის ტექსტის ხილვა კი დღემდე შეუძლებელია მოქალაქეებისთვის. ის დაბლოკილია.